ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51 - ე რაუნდი ჩაიშალა
Sokhumi Daily
რუსეთმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაშალა.
მოლაპარაკებები 6 და 7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, რუსეთის წარმომადგენლების არდასწრების გამო, შეხვედრა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მსგავსი ნაბიჯები სამშვიდობო პროცესს ძირს უთხრის და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას - გადაიჭრას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები.
“ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს. მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.” - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს - ევროკავშირს, გაერო-სა და ეუთო-ს, ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით.”
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა