"უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებების მიხედვით არ იმართება ქვეყანა" - წულუკიანი

Tbilisi Daily

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანა დაზიანდება იმით, თუ სასამართლო გადაწყვეტილებები არ აღსრულდება. წულუკიანის თქმით, მომავალ თაობებს უნდა გადააბარონ ისეთი სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს. „ვინ ზიანდება იმით, თუკი საქართველოში არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები და ის არ აღსრულდება, რადგან მავანს ასე ჰგონია სწორი. რა თქმა უნდა, ამით ზიანდება ქვეყანა. ჩვენ დღეს ვართ ხელისუფლებაში, ხვალ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, მაგრამ მომავალ თაობებს უნდა გადავაბაროთ ისეთი სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობს და „ნაციონალური მოძრაობის“ ან რომელიღაც უპასუხისმგებლო სხვა დესტრუქციული პოლიტიკური პარტიის ოფისში მისული რომელიღაცა უცხოელი დეპუტატის უპასუხისმგებლო განცხადებების მიხედვით არ იმართება ქვეყანა. ამის მართვა ყოველთვის მარტივი არ არის. ჩემს განცხადებაში გავიხსენე რვაწლიანი პერიოდი, როდესაც ვმართავდი იმ დიდ სისტემას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ჰქვია. ჩვენ ვხედავდით მუდმივად, რომ დამნაშავე პოლიტიკურ ძალას ჰყავდა გულშემატკივრები და მე ყოველთვის მიფიქრია, რომ ნაწილი ამ გულშემატკივრების ან საქართველოს და ქართველ ხალხს კარგად კვლავ არ იცნობს, ამიტომ აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს, ან კიდევ უბრალოდ მათი მეგობრები არიან" – განაცხადა თეა წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში. "ნიკა მელიას დაკავება არავითარი კანონიერების ზღვარს არ გასცდენია, ეს მართლაც იყო მაღალკვალიფიციურად წარმოებული ოპერაცია, მთლიანად სამინისტროს და მინისტრს ეკუთვნის მადლობა“ - დაამატა წულუკიანმა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგის კარი არ დაუხურავს და როგორც აქამდე, ახლაც ფაქტებით გააგრძელებენ საუბარს. „რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ჩვენ ვისაუბრებთ ფაქტებზე, პარლამენტის კარი ყველასთვის ღიაა, დიალოგის კარი „ქართულ ოცნებას“ არ დაუხურავს და ჩვენ ვართ ის პირველი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში, ვინც ოპოზიციური ძალებისთვის მაქსიმუმი გააკეთა, რათა მათ შეძლებოდათ პარლამენტში ყოფნა, შეძლებოდათ აქტიურ პოლიტიკურ სცენაზე ყოფნა, ჩვენ ამას ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა და ვერ იქნება ორმაგი სტანდარტები. თუ ერთ ქვეყანაში პარლამენტზე შტურმი ცუდია, ის ასევე ცუდია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები