1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში - ქრონოლოგია
Sokhumi Daily
მოკლე წინაისტორია, რომელიც 1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტს ეხება აფხაზეთში ასეთია:
მე-20 საუკუნის 80-იანი წლის ბოლოს, საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე, კრემლი ახდენს აფხაზეთში არსებული სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით მანიპულირებას, რათა შეინარჩუნოს მძლავრი ზეგავლენა საქართველოზე. ამ პერიოდში ხორციელდება შემდეგი მოვლენები, რომლებიც საფუძველს უყრიან აფხაზეთში აგრესიული სეპარატიზმის ჩამოყალიბებას:
1988 წლის ნოემბერი - შეიქმნა აფხაზთა სახალხო ფორუმი „აიდგილარა", რომელიც უკიდურესად ანტიქართული განწყობილებით გამოირჩეოდა.
1989 წლის 18 მარტი - „აიდგილარას" ინიციატივით მიღებულ იქნა ე.წ. „ლიხნის მიმართვა", რომელიც აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა.
1989 წლის ივლისი - ე.წ. „ლიხნის მიმართვას" მოჰყვა ტრაგედია სოხუმში, როდესაც სეპარატისტები თავს დაესხნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია.
1989 წლიდან დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის მოსამზადებელი პერიოდი. საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილი „კავკასიის ხალხთა კონფედერაცია" აფხაზეთს აცხადებს მის ნაწილად, ხოლო ქ. სოხუმს - კონფედერაციის დედაქალაქად.
1990 წლის დეკემბერი - აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკ „სოუზის" ერთ-ერთი ლიდერი ვ. არძინბა, რომელიც თავისი ანტიქართული პოზიციით იყო ცნობილი.
1991 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას აფხაზეთში, რათა შექმნას საქართველოს ამ რეგიონში დაძაბული და ფეთქებადი სიტუაცია. ასეთი პოლიტიკა მიზანმიმართული იყო რუსეთის ინტერესების სფეროში საქართველოს შენარჩუნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საერთო მოსახლეობაში ეთნიკურად აფხაზების წილი შეადგენდა მხოლოდ 17 %, ხოლო ქართველების - 46%, ეს უკანასკნელები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოებში.
1991 წლის ოქტომბერი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 65 სადეპუტატო მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა : 28 - ეთნიკური აფხაზი (ძირითადად კრემლის პოლიტიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფნი და სეპარატისტულად განწყობილნი); 26 - ქართველი და 11 - სხვა ეროვნების წარმომადგენელი.
1991 წ. ოქტომბერი - 1992 წ. პირველი ნახევარი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, სეპარატისტულად განწყობილი დეპუტატების მეშვეობით უბრალო უმრავლესობით იღებს მთელ რიგ ანტიკონსტიტუციურ დადგენილებებს, მათ შორის გადაწყვეტილებას ე.წ. აფხაზური „გვარდიის" შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციასთან.
1992 წლის 25 ივლისი - საქართველოს სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.
1992 წლის პირველი ნახევარი - უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიქმნა მეტად სავალალო სიტუაცია აფხაზეთში არსებული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებით.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა