აქციის დაწყების წინ ოპოზიციის ლიდერები განცხადებებს აკეთებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე გააკეთეს განცხადებები.
რომან გოცირიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შექმნილი კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალება ახალი არჩევნებია. „იმას, რასაც ვერ წყვეტს დარბაზი, წყვეტს ქუჩა“ - თქვა მან. რაც შეეხება ხალხმრავალი აქციის ჩატარების მიზანშეწონილობას პანდემიის დროს, რომან გოცირიძემ განაცხადა: სამწუხაროა, რომ დიდი შეკრებების ორგანიზება გვიწევს, მაგრამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც მას არჩევანის უფლება წაართვა. ჩვენ კი შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებსო.
“ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, ცესკო და „ქართული ოცნება“ ცდილობს დაუკეტოს ოპოზიციას გზა სამართლიანი სასამართლოსკენ. "ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და მზად ვართ ამ თემაზე ვაწარმოოთ დიალოგი მეორე მხარესთანო - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კი თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე ადგილი აქვს გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ადამიანების პროტესტს, რომელიც ივანიშვილისგან თავისუფალი არჩევანის დაბრუნებას ითხოვს. „დღეს რუსთაველზე ყველა პოლიტიკური გემოვნების, ყველა ფერის საქართველო დგას ერთადერთი მოთხოვნით - არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ადამიანის არჩევნებზე წასვლას აზრი არ ექნება, სულ სხვა სივრცეში გადავალთ“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
რუსთაველის გამზირზე აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი აქტივისტები ატარებენ, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ქუჩებში იკრიბებიან და შემდეგ პარლამენტის წინ მსვლელობით იკრიბებიან. ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30936514.html
#ახალი_ამბები
#twitter