20 სექტემბერს „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება

Tbilisi Daily

ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, 20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება. ეს დღე 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ის მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში გარემოს ავტომობილების გამონაბოლქვისგან დაცვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას. ამ დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით. „დღეს 11:00 სთ-ზე​, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, ველოგარბენი აიღებს სტარტს, ნაკადი გააგრძელებს სვლას და გარბენი დასრულდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე. გარბენის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს“ - ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. 2020 წლის 16-22 სექტემბერს, აღინიშნება ევროპის მობილობის კვირეული, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 49 ქვეყანა და 2 500-ზე მეტი ქალაქი იღებს მონაწილეობას.