რა უჯდება სახელმწიფოს კოვიდპაციენტების მკურნალობა

Tbilisi Daily

ეკონომიკის ექსპერტები ქვეყანაში სრულ ლოკდაუნს არ ემხრობიან, თუმცა ამბობენ, რომ აუცილებელია შეზღუდვების გამკაცრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, როგორც ჯანდაცვაში, ისე მთელ ეკონომიკაში, დრამატულ სცენარებს პროგნოზირებენ. მათი მტკიცებით, თუ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება დროულად არ მიიღეს, ლოკდაუნი ბუნებრივად დადგება თავად ყოველგვარი გამოცხადების გარეშე. ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ის ხარჯი, რომელიც ჯანდაცვაზე ქვეყანას ყოველდღიურად სჭირდება, დღეს ისეთ ნიშნულზეა, რომ მისი არამცთუ გაზრდა, ასეთ დონეზე შენარჩუნება, საქართველოს ეკონომიკურად კიდევ უფრო გააღარიბებს. "ერთი პაციენტის მკურნალობა საავადმყოფოში დღეში, დახლოებით, 250 ლარი გვიჯდება, სასტუმროში - ასი ლარი, ერთი ტესტი, რომელიც დღესში 10 ათასი ტარდება, 120 ლარი ჯდება, შესაბამისად, თვეში ჯამურად 100 მლნ ლარი გვეხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ პიკზე არ მისული პანდემიის ფინზე. თუ მდგომარეობა გართულდება, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი 2-2,5-ჯერ გაიზარდოს. შესაბამისად, ბიუჯეტზე ფინანსური ტვირთი ძლიან დიდია. ამას ემატება ის, რომ ბიუჯეტს დააკლდება შემოსავლები, რის გამოც, შეიძლება კიდევ ერთხელ საგარეო ვალის აღება მოგვიწიოს, ან მოსახლეობას ვერ დავეხმაროთ იმ დოზით, როგორც მას სჭირდება," - ამბობს ჭარაია. შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. ცნობისთვის, მთავრობა ცდილობს "ლოკდაუნი" აირიდოს, თუმცა, ეპიდვითარების დამძიმების გამო შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და ამ საკითხზე ბიზნესთან სექტორალურად კონსულტაციებს გადის. 2 დღის წინ მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა. გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, რასთან დაკავშირებითაც სავაჭრო ცენტრებთან და მსხვილ ქსელურ მაღაზიებთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სავაჭრო სფეროს ბიზნესი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის კმაყოფილია. ისინი აცნობიერებენ, რომ ეპიდვითარების გამოსასწორებლად სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე შეზღუდვები მოზომილად უნდა გამკაცრდეს. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ფართომასშტაბიანი სისტემური შეზღუდვების დაწესებას არ პირებს.