ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მადრიდში NATO-ს ლიდერთა სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
ღარიბაშვილმა ჯონსონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.
ბორის ჯონსონთან შეხვედრას ღარიბაშვიილი “ტვიტერში” გამოეხმაურა.
“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შევხვდი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ურყევ მხარდაჭერას მოიცავს
ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას და დემოკრატიული განვითარების პროცესში მონაწილეობას”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
28 ივნისს მადრიდში დაიწყო NATO-ს ლიდერთა სამიტი, რომელიც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია უკანასკნელ წლებში.
სამიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში თუირქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31921462.html
Source: radiotavisupleba.ge