"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში ჩამოტანეს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა. ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ ფოთის პორტში შევიდა. საქართველოს თადაცვის სამისნისტროს მიერ გავრცელებული ინფორაციით, გემიდან ჩამოიტვირთა ამერიკული სამხედრო ტექნიკა - საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“ და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომელიც ფოთის პორტიდან სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადაადგილდა. „ამერიკული სამხედრო ტექნიკის კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე 6 და 8 სექტემბერს თვითსვლით გადაადგილდება. ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოდის“,- ნათქვამია განცხადებაში.. სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწავლების მთავარი გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია“. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით და სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში. სწავლების ოფიციალურ გახსნამდე, პირველ სექტემბერს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფების საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30820630.html #ახალი_ამბები #twitter