ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია - რამიშვილი

Pirveliradio Ge

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან "აბსოლუტურად ყველაფერი" წაშლილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შსს-ს შენობიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. "Whatsapp, Messanger, Facebook, Viber და ყველა სოციალური ქსელიდან წაშლილია აბსოლუტურად ყველაფერი. ბოლო ჩატი Whatsapp-ში არის 24 ივნისიდან წაშლილი, ბოლო ზარი - 6 ივნისიდან. თვით გამოძიებასაც, ვისაც დღეს შევხვდი, უკვე ჩემს კითხვაზე არანაირი პასუხი არ ჰქონდა. ძალიან ბევრი ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. დადგა საკითხი, რომ Google-სა და Facebook-ის ადმინისტრაციიდან სრულად წამოვიდეს ინფორმაციები", - თქვა ადვოკატმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ. მისივე ინფორმაციით, სახლში აღმოჩენილი ახალი ჩანაწერი - "პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე" შსს-ში მიიტანეს. მისივე თქმით, მასზე ექსპერტიზა ჩატარდება და ყველაფერი გაირკვევა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.