ფინჯან ყავაზე ბათუმში

Batumi Daily

“მოდი, მე ახლა საიდუმლოს გაგანდობ, ოღონდ კარგად უნდა დაიმახსოვრო..” - პატარა რომ ვიყავი გაზქურასთან მდგომმა ნათლიაჩემმა ყავის მოდუღების საიდუმლო რეცეპტი “გადმომილოცა” და, მიუხედავად იმისა, ბავშვურ სიხარულს არ ვიმჩნევდი, მაინც მეგონა, რომ რაღაც საოცარი აღმოჩენა გავაკეთე. მომზადების დროს მნიშვნელოვანი ყოფილა, ყავის ხარშვის ტემპერატურა. რაც უფრო დაბალ ცეცხლზე მზადდება, მით უფრო გემრიელი გამოდის. თუმცა ეს თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ალბათ, ნამდვილი ყავის მოყვარულები გრძნობენ იმ განსხვავებას, რაც მადუღარასა და ყავის მარცვლების ცუდმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, აჭარაში, ყურადღებას აქცევენ, არა მხოლოდ ტემპერატურას, არამედ დაფრქვეული ყავის მარცვლებს და იმ ჭურჭელსაც, რაშიც იგი დუღდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ ყავის მოდუღება-მირთმევა ცალკე ტრადიციაა, რომელსაც აუცილებლად ყველა უნდა ეზიაროს თუ უნდათ, ნამდვილი ყავის გემო შეიგრძნონ. რა თქმა უნდა, მასში არც მარკეტში ნაყიდი რომელიმე ხსნადი და არც კაფეში აპარატით მოდუღებული ყავა იგულისხმება. ეს არის ახალდაფრქვეული ნამდვილი შავი ყავა. კიდევ ერთი ადრეული მოგონება, რაც ამასთან დაკავშირებით მახსენდება, ყავის საფრქვევს უკავშირდება. მახსოვს, რომ ადრე მარცვლებს სახლშივე ვფრქვავდით და შემდეგ, დღეში მინიმუმ სამჯერ, ვხედავდი, როგორ მიირთმევდნენ უფროსები მას. თავბრუდამხვევი სურნელი მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა სახლში, მაგრამ ჩვენ, როგორც პატარებს, უფლება არ გვქონდა იგი გაგვესინჯა. მიუხედავად იმისა, დარწმუნებული ვიყავი, ჩემი მშობლების მსგავად ყავაზე დამოკიდებული არ გავხდებოდი, შევცდი და, როცა წამოვიზარდე, მეც ასევე შემიყვარდა ეს სასმელი. “ბათუმური ყავა,” რომელსაც ყველა მაინც “თურქულს” ვუწოდებთ, იმდენად გამჯდარია თითოეული აჭარელის ცნობიერებაში, როგორც “ჩვენი ყავა”, რომ ზოგჯერ მისი თურქულად მოხსენიება აბსურდული მგონია. დილა ყოველთვის ერთი ფინჯანი ყავით უნდა დაიწყო, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ ოჯახის წევრებთან ერთად.. უფრო ხშირად კი აქ ნახავთ ერთ ფინჯან ყავაზე შეკრებილი მეზობლებს, რომლებიც ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ამბებს, ზღაპრულ არომატთან ერთად, გაცხარებით განიხილავენ. #ყავა #ბათუმი #აჭარა Batumidaily