მაკრონმა შოლცთან და დრაგისთან ერთად კიევში ჩასვლას უწოდა "ერთიანობის მესიჯი"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინელების მხარდამჭერი „ერთიანობის მესიჯი“ უწოდა კიევში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად ჩასვლას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. მაკრონის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან მათ მოლაპარაკებას შეუერთდება რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. მოლაპარკების დღის წესრიგშია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტეს უკრაინაში ვიზიტი სწორედ ახლა. მაკრონის განცხადებით, ჩათვალეს, რომ ვიზიტისთვის საუკეთესო დრო იქნებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის წინა პერიოდი. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში დღეს დილით, სპეციალური მატარებლით, პოლონეთიდან ჩავიდნენ. ევროკავშირის წევრი გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერების ვიზიტი წინ უძღვის უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ხვალ, 17 ივნისს, რეკომენდაციები უნდა გამოაქვეყნოს ევროკომისიამ, 23-24 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე კი, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა. 15 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი იმყოფებოდა მოლდოვაში, რომელიც ასევე, ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. სტატუსის მოლოდინშია საქართველოც. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც. https://www.radiotavisupleba.ge/a/31900728.html

Source: radiotavisupleba.ge