რა გზას მიაკვლიეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა?
Tbilisi Daily
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომლითაც, დიდი ალბათობით, ცხედარი საკალმახე „ალგეთიდან” ავტომობილით სოფელ მაწევანის ტყეში მიიტანეს.
გამოძიება კი ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ცენტრალური გზით არის მანქანით გადაადგილება შესაძლებელი.
მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ქვემო გოლთეთში იმყოფებოდნენ.
მათი ინფორმაციით, გზა, რომელიც თავად აღმოაჩინეს, იძლევა შესაძლებლობას, რომ ევაკუატორმა და ავტომობილმა გაიარონ.
ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია თამარ ბაჩალიაშვილი „ვილა ალგეთში” კონსპირაციულ შეხვედრაზე ჩამოსულიყო და ამ გზით მაწევანამდე გადაეყვანათ, თუმცა შეძლეს თუ არა თავად ადვოკატებმა ამ გზის ავტომობილით გავლა ჯერ უცნობია. რამდენიმე ადგილობრივი, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ ბილიკზე ავტომობილით გადაადგილება რეალურად შეუძლებელია და ამ ადგილიდან მხოლოდ ურმით ფიჩხის გამოტანა შეუძლიათ.