წინასწარი მონაცემებით, ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. უწყების თანახმად, სავარაუდოდ დაიღუპნენ იმ მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები, რომელიც აფეთქებული სატვირთო მანქანის მახლობლად იმყოფებოდა. ამჟამად წყლიდან ამოტანილია ორი დაღუპულის გვამები - ქალისა და მამაკაცის. მათ ვინაობას ადგენენ. გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს სატვირთო ავტომობილისა და მისი მფლობელის მონაცემები - ესაა რუსეთის კრასნოდარის მხარის მაცხოვრებელი. როგორც იტყობინებიან, მის საცხოვრებელ ადგილზე საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს. ადრე Mash-ი იტყობინებოდა, რომ ავტომობილი კრასნოდარშია რეგისტრირებულია ბორის იუსუბოვის სახელზე. „ნათესავების თქმით, მან ავტომობილი გაყიდა, მაგრამ მფლობელმა ის საკუთარ სახელზე არ გადააფორმა,“ ნათქვამია „ტელეგრამის“ არხში. Mash-მა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია სატვირთო ავტომანქანის შემოწმება, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, აფეთქდა ყირიმის ხიდზე. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, როგორც ჰყვებიან შემმოწმებელი, მშვიდად იქცეოდა, ეჭვი არ აღუძრავს და ყველა საბუთი წარმოადგინა. მანქანა რენტგენში არ გაუტარებიათ, იტყობინება Mash-ი. 8 ოქტომბერს დილით ქერჩის სრუტეზე გამავალ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომობილი. აფეთქების შედეგად ხანძარი მოედო საწვავით დატვირთული ცისტერნების მატარებელს. ხიდი ნაწილობრივ დაინგრა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32071239.html

Source: radiotavisupleba.ge