ვლაქერნობა - აღდგენილი დღესასწაულის ისტორია
Zugdidi Daily
ისტორიული წყაროები ერთხმად გვიდასტურებენ, რომ ვლაქერნობა სამეგრელოსთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო, რომლის აღნიშვნის პრაქტიკაც 1990 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა და გასული საუკუნის დასაწყისში, მისი ფირზე აღბეჭდვა საქართველოში მოგზაურმა რუსმა ფოტოგრაფმა, სერგეი პროკუდინ-გორსკიმ მოახერხა. მის ფოტოებზე, რომლებიც 1909-1915 წლებით თარიღდება, ჩანს როგორ აღნიშნავენ საზეიმო სამოსში გამოწყობილი ადამიანები დღესასწაულს. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს სასწაულმოქმედად მიიჩნევდნენ, ამიტომ მის სანახავად ადამიანების საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდნენ.
ვლაქერნის ხატი დავით ბატონიშვილმა რუსეთში წააბრძანა. მისი დაბრუნება კი სამეგრელოს დედოფალმა, ნინო ბაგრატიონმა 1804 წელს მოახერხა. მან პეტერგბურგში დეპუტაცია გაგზავნა და რუსეთის იმპერატორს ხატის სამშობლოში დაბრუნება სთხოვა. იმპერატორმა დედოფლის მოთხოვნა დააკმაყოფლა და სამეგრელოს ხატი ძვირფასი სარტყლითურთ დაუბრუნა.
ვლაქერნის ხატს უკავშირდება დადიანების კარის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თოჯინების თეატრად გადაკეთდა.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, 1919 წელს სამეგრელოში ჩასულ ექვთიმე თაყაიშვილს გადასცეს, რომელმაც იგი ეროვნულ საგანძურთან ერთად ემიგრაციაში წაღებით გადაარჩინა.
1990 წლიდან ვლაქერნობა ყოველწლიურად აღინიშნება. ყოველი წლის 15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის სამოსის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულზე ზუდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ლუსკუმაში ჩაბრძანებულ ღვთისმშობლის კვართს გამოაბრძანებენ ხოლმე. რის შემდეგაც, ლიტურგიას აღავლენენ, რომლის დასრულების შემდეგ თითოეულ მორწმუნეს საშუალება აქვს სიწმინდეს თაყვანი სცეს.
დადიანების სასახლის მუზეუმის დირექტორი, ლალი ბერაია ამბობს, რომ ღვთისმშობლის სამოსი შეკერილია სელისგან და რომ ადრე იგი ყვავილებით იყო მოჩითული. მისი თქმით, სამეგრელოს მთავარს, ლევან მეორე დადიანს იგი ლაშქრობებში ყოველთვის თან დაჰქონდა.
საბჭოთა ოკუპაციის დროს ღვთისმშობლის კვართი სეიფში ინახებოდა. მართლმადიდებელ მორწმუნეებს მისი ნახვის საშუალება მხოლოდ ბოლო 30 წელია აქვთ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.