ჩინეთს შეეძლო ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება-პომპეო

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142955 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, განცხადებით ჩინეთს მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა კომუნისტურმა ქვეყანამ ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვა არჩია და ის დღემდე ასე იქცევა. „მათ იცოდნენ. ჩინეთს შეეძლო ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი აერიდებინა თავიდან. ჩინეთს შეეძლო თავიდან აეცილებინა მსოფლიოს ეკონომიკური დაღმასვლა. [...] ჩინეთი უარს აცხადებს, გაცვალოს ჩვენთან ინფორმაცია, რაც ხალხის უსაფრთხოებისთვის გვჭირდება",- განაცხადა პომპეომ. პომპეოს თქმით, ჩინეთის ეროვნულმა ჯანმრთელობის კომიტეტმა 3 იანვარს ვირუსის ნიმუშების განადგურების ბრძანება გასცა, მამაცი ჩინელი მოქალაქეები კი, რომლებიც საზოგადოებას აფრთხილებდნენ, გააქრო. კომუნისტური ქვეყანა პროპაგანდისტული ორგანოებით უპირისპირდებოდა მათ, ვინც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა. ამასთან, პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ამ დრომდე არ აქვს ნიმუშებზე წვდომა და ეს არ არის ის შემთხვევა, რომ თითქოს რაღაც მომენტში ჩინეთს სწორად მოქმედება არ შეეძლო: "ისინი კვლავ არ არიან გამჭვირვალეები, ისინი კვლავ უარს გვეუბნებიან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომაზე, რაც ჩვენ მკვლევარებს, ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ. და რაც მთავარია, ეს შესაძლოა, კიდევ განმეორდეს"-აღნიშნა მან.