ზურაბ ბალანჩივაძე-ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, რომ დავიჯეროთ კორონავირუსის არსებობა

Tbilisi Daily

ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, რომ დავიჯეროთ კორონავირუსის არსებობა, რადგან ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. მე თუ გამიმართლა და ძლიერი იმუნიტეტი აღმომაჩნდა, აქ ჟანგბადის დანადგარით ან გადასხმით არ ვწევარ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას არ დასჭირდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელმა, გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანმა, ზურაბ ბალანჩივაძემ განაცხადა. იგი გადაცემა „იმედის დილაში“ ჩაერთო და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. სიმპტომები არ დამძიმებულა და მისი ექიმების განცხადებით, პროცესი კარგად მიდის. ბალანჩივაძის თქმით, დღეს კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მე-7 დღეა. მას სისხლის ანალიზი აუღეს და უახლოეს დღეებში შემდეგ ტესტირებაც ჩაუტარდება. წამყვანმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მას სოციალურ ქსელებში სიმპტომებთან დაკავშირებით წერს. „რატომღაც ასე მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებული სიმპტომები უნდა გქონდეს. სიცხე, ხველა, არ არის საკმარისი, ალბათ, თვალებიდან სისხლი უნდა გდიოდეს, არ ვიცი, რათა დაიჯერონ ვიღაცებმა, რომ ვირუსი არსებობს. ზოგს ყელის ტკივილით ეწყება, ზოგს - ხველით, ზოგს - ცხვირში გაჭედვით, რაც მაგალითად, პირადად მე მქონდა, ან გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვით და ასე შემდეგ. თავისთავად ცხადია, ეს სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, მათ შორის, უბრალო გაციებასაც, მაგრამ აქ ერთი პასუხი მაქვს: თავის ტკივილი იცის გაციებამაც, ნაბახუსევმაც და კიბომაც. აქედან გამომდინარე, ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, რომ დავიჯეროთ კორონავირუსის არსებობა, რადგან ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. მე თუ გამიმართლა და ძლიერი იმუნიტეტი აღმომაჩნდა, აქ ჟანგბადის დანადგარით ან გადასხმით არ ვწევარ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას არ დასჭირდება. ეს მინდა იცოდეს საზოგადოებამ - ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბალანჩივაძე. ასევე, ბალანჩივაძემ ისაუბრა, როგორ უნდა შეამოწმონ ადამიანებმა სახლის პირობებში ფილტვებში მიმდინარე პროცესები სუნთქვითი ვარჯიშებით. „ეს ვირუსი ყველაზე მეტად სასუნთქი გზებისკენ მიდის. ამიტომ, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაბერეთ მკერდი და ცოტა ხნით გააჩერეთ ჰაერი. თუ ამას ვერ შეძლებთ და ხველა აგივარდებათ, დიდი ალბათობით ეს არის საყურადღებო. რა თქმა უნდა, 100%-ით ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ეს ფილტვებთან, ბრონქებთან დაკავშირებით იძლევა პასუხს, რომ შესაძლოა, იქ რაღაც პროცესი იყოს წასული. ეს არის სამოყვარულო დონეზე, რადგან სუნთქვის გაძნელება ერთ-ერთი მანიშნებელია და პროცესი იწყება ამ შეუკავებლობით“, - განაცხად ზურაბ ბალანჩივაძემ. მისივე თქმით, მისი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.