უხარისხო საწვავის შემოტანაზე სანქციები მკაცრდება
Tbilisi Daily
უხარისხო საწვავის შემოტანაზე ქვეყანაში სანქციები მკაცრდება - ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
ბიუროზე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან სხვა ცვლილებებზეც იმსჯელებენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ორ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს – ესენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები.
“გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში” თემატური მოკვლევის შედეგების მიხედვით, ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება ჯარიმის ოდენობა კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი ბენზინის ან დიზელის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.