ქართული სპორტის მკვლევარი, ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა
Tbilisi Daily
ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე.
მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ზურაბ ჯავახაძე სპორტულ თემაზე შექმნილი 40-მდე წიგნის ავტორია. მათ შორისაა წიგნები ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, ოლიმპიელებზე, გამოჩენილ სპორტსმენებზე და მწვრთნელებზე, სპორტის ცალკეულ სახეობებზე. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმერეთის სპორტულ ცხოვრებას - ამ თემას მიუძღვნა ჟურნალისტური ნარკვევები თუ გამოკვლევები, საგაზეთო პუბლიკაციები, წიგნებში თავმოყრილი სპორტულ ასპარეზობათა ქრონიკებიც.
ის ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელიცაა.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 83 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.