"ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას...“
Tbilisi Daily
ევროკავშირი გმობს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისთვის სასჯელის შეფარდების შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, - ნათქვამია ნავალნის საქმეზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
„ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბატონი ნავალნისთვის სასჯელის შეფარდების შესახებ და მიიჩნევს, რომ ის მიუღებელია, რადგან ის პოლიტიკურად არის მოტივირებული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დარგში რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას, შეინარჩუნოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს და აღასრულოს ადამიანის უფლებები და კანონის წინაშე თანასწორობა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ევროკავშირი იმეორებს თავის მოწოდებას დაუყოვნებლად და უპირობოდ გაათავისუფლონ ბატონი ნავალნი, ისევე როგორც ყველა ის მოქალაქე და ჟურნალისტი, რომლებიც დააკავეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო. ეს მოვლენები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი ადამიანების ნებისთვის სივრცის გამუდმებით შემცირების უარყოფით მაგალითს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ამ საკითხს საგარეო საქმეთა საბჭოს უახლოეს სხდომაზე დაუბრუნდება და შემდგომ შესაძლო ქმედებებს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლის გამო, გერმანიის მთავრობა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily
#საქართველო
#ახალიამბები