სახელმწიფო მართვის ფორმები - დიქტატურა, თეოკრატია, ოლიგარქია

0
აღსანიშნავნია, რომ სახელმწიფოები ერთმანეთისგან განსხვავდება მმართველობის ფორმისა და ტერიტორიული მოწყობის მიხედვით. ალბათ გაგიგიათ ისეთი ტერმინები, როგორიცაა მონარქია, რესპუბლიკა, ფედერაცია, უნიტარიზმი, რეგიონალიზმი და ა.შ. რას ნიშნავს თითოეული მათგანი? რა დგას მათ უკან?

მონარქიული მმართველობა

აბსოლუტური მონარქიისათვის დამახასიათებელია ხელისუფლების სრულად თავმოყრა ერთი პირის - მონარქის ხელში, რომელიც თვითონ გამოსცემს და აღასრულებს კანონებს, იგი უფლებამოსილია უშუალოდ ახორციელებდეს ადმინისტრაციულ მმართველობას ან ამ მიზნით დანიშნოს მთავრობა. მისი ხელისუფლება არავისგან და არაფრით არ არის შეზღუდული. აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მე-17 საუკუნის საფრანგეთი, რომლის ერთპიროვნული მმართველი იყო „მეფე მზედ“ წოდებული, ლუი XIV, რომლის ყველაზე ცნობილი გამონათქვამია: „სახელმწიფო - ეს მე ვარ“. დღესდღეობით, მსოფლიოში აბსოლუტური მონარქია შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად საუდის არაბეთში. კონსტიტუციური მონარქია მმართველობის ისეთი ფორმაა, რომელშიც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია არჩევითი ორგანოს (პარლამენტის) მიერ, რომელსაც საკანონმდებლო ფუნქცია აქვს შეთავსებული, რის გამოც მონარქი „იძულებულია“ მის წარმომადგენელთა აზრსა და ინტერესებს ანგარიში გაუწიოს. თუმცა, ამავე დროს მონარქი ინარჩუნებს იურიდიულ თუ ფაქტობრივ გავლენას სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე. მონარქი ნიშნავს მთავრობას, მაგრამ ეს უკანასკნელი პასუხს აგებს არა მონარქის, არამედ პარლამენტის წინაშე. მონარქის აქტების მიმართ გამოიყენება კონტრასიგნაციის ინსტიტუტი, ე.ი. მონარქის აქტები სისრულეში მოდის მხოლოდ შესაბამისი მინისტრის მიერ თანხმობის შემთხვევაში. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, იგი მთლიანად დამოუკიდებელია. კონსტიტუციური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, დანია, ნორვეგია, შვედეთი და იაპონია.

რესპუბლიკური მმართველობა

რესპუბლიკაში „სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია“. მონარქიისაგან განსხვავებით, აქ კანონებს ქმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, სახელმწიფო მმართველობა კოლეგიურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრის გზით. რესპუბლიკური მმართველობა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომლის მიხედვით, ხელისუფლება დაყოფილია სამ დამოუკიდებელ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ამასთან, მოქმედებს „ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის“ მექანიზმი, რომლის შესაბამისად, თითოეული ხელისუფლება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, მაგრამ მათი ფუნქციონირება დამოკიდებულია ურთიერთზემოქმედებასა და თანამშრომლობაზე ისე, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება და შესაძლებლობა ჩაერიოს ან მიითვისოს მეორის უფლება.

ოლიგარქია

ოლიგარქია მმართველობის ისეთი ფორმაა, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეები ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელშია თავმოყრილი. ეს ჯგუფი სხვებისგან გამოირჩეოდა სიმდიდრით, წოდებით, კეთილშობილური წარმომავლობით, განათლებითა და რელიგიური თუ სამხედრო კონტროლით. ისტორიაში არსებობს შემთხვევები (მაგალითად, საბერძნეთისა და რომის), რომლებიც აჩვენებს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე ტირანიაში, რომელშიც მმართველს შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა და ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ქვეყანას.

დიქტატურა

დიქტატორული სახელმწიფო ისეთი სახელმწიფოა, რომელშიც ხელისუფლების სათავეში არადემოკრატიული გზით მოსული ქარიზმატული ლიდერი დგას, თუმცა შესაძლოა იგი კანონიერი საფუძვლით, არჩევნების მეშვეობით გახდეს ქვეყნის მეთაური და მოგვიანებით გადაიქცეს დიქტატორად. იგი, როგორც წესი, ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას და შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს. ისტორიიდან ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დროს რობესპიერის მიერ დამყარებული დიქტატურა, რომელიც სასტიკი მეთოდებით ერთპიროვნულად მართავდა საფრანგეთს მანამ, სანამ გილიოტინაზე თავს მოკვეთდნენ.

თეოკრატია

თეოკრატიას მმართველობის ისეთ ფორმას უწოდებენ, რომელშიც სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს სამღვდელოება, ღმერთის სახელით. ასეთ სახელმწიფოში უმაღლესი ხელისუფლება ემყარება ერთ ან რამდენიმე რელიგიურ დოქტრინას და მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპების მიხედვით. დღესდღეობით, თეოკრატიული მმართველობაა ვატიკანში, რომელსაც მართავს რომის პაპი.
#პოლიტიკა
#მეცნიერება
0