ზუგდიდელი აკაკი წერეთელი და დაბნეული საზოგადოება

0
აკაკი წერეთელი ძირძველი ზუგდიდელია, სწავლობდა VI საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო და სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტები დაამთავრა. 8 წელი მუშაობდა პარტიის საქალაქო კომიტეტში და აქედან გამომდინარე, როგორც თვითონ აღნიშნავს, სფერო არ დარჩენილა, შეხება რომ არ ჰქონოდა. 1996 წელს ხდება შპს “კონტაქტის” დირექტორი, 2005 წლიდან ხელმძღვანელობს შპს “ნეო ლაინს”. დიდი თანამოსახელისა და გვარის ტარება პასუხისმგებლობისა და სიამაყის გრძნობით აღავსებს, თუმცა ხშირად უხდება იმის მტკიცება, რომ ნამდვილად აკაკი წერეთელია. მისგან ილია ჭავჭავაძეობასაც მოელოდნენ… "რამდენიმე წლის წინ, მატარებელს ვხვდები, გზავნილი უნდა მივიღო “ჯეოსელიდან”. გამცილებელთა უმრავლესობას ვიცნობ, მაგრამ იმ დღეს ვისაც გამოატანეს, ახალი ყოფილა და ეუბნებიან თურმე, ცნობილი მწერლის სახელის მატარებელი პიროვნება უნდა დაგხვდესო. ძველმა თანამშრომლებმა გახუმრება გადაწყვიტეს და დაარწმუნეს, რომ ილია ჭავჭავაძე უნდა დახვდეს. მეორე დილით, ჩამოსვლისას, თავაზიანად ვეუბნები, – აკაკი ვარ წერეთელი, ჩემთან გზავანილი გამოგატანეს და თუ არ შეწუხდებით, გადმომეცით-მეთქი. კაცი გაოცებული მიყურებს და მეუბნება: კი მაგრამ, მე რომ ილია ჭავჭავაძეს ველოდი? დანარჩენების სიცილმა გამოააშკარავა რაშიც იყო საქმე და იმ დღიდან ვმეგობრობთ".
0