საკარანტინე ზონებისთვის 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა
Tbilisi Daily
საკარანტინე ზონების მსოაწყობად და უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა.
„2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან.
საგანგებორეჟიმი კარანტინი მთავრობა ანგარიში
TbilisiDaily