კლინიკებში თავისუფალი საწოლები თითქმის აღარ დარჩა

Kutaisi Daily

რეგიონებში ეპიდვითარება გართულდა. იმერეთში არსებულ კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში დაინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლები, ფაქტობრივად, აღარ არის. კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ადამიანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს სახლიდან კლინიკებში გადაყვანას სთხოვენ, თუმცა, საკმარისი საწოლების არარსებობის გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია ვერ ხდება. "კლინიკაში გვყავს 81 კოვიდინფიცირებული. აქედან 5 კრიტიკულად მძიმეა, 15 სტაბილურად მძიმეა. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ამ ეტაპზე, კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ გვაქვს. მთლიანად გადაკეთებული ვართ კოვიდკლინიკად", - ამბობს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ნოდარ მაღლაფერიძე. ერთადერთი საავადმყოფო იმერეთში "ბომონდი" აღმოჩნდა, საიდანაც დღეს 15 კოვიდინფიცირებული გაწერეს და მათ ნაცვლად ახალ პაციენტებს მიიღებენ. "დღეის მდგომარეობით განთავსებულია 116 კოვიდდადებითი პაციენტი. აქედან, 11 სარეანიმაციოა. დღის განმავლობაში მოხდება პაციენტების გაწერა ბინაზე და 15 თავისუფალი ადგილი იქნება", - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, 264 იმერეთიდანაა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #საწოლფონდი #kutaisidaily mtavariarkhi