ირაკლი კობახიძე: საქართველოზე ევროკავშირის რეზოლუცია ფეიკების შედეგია; ჩალის ფასი აქვს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა, ფეიკების შედეგია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. "კამპანია, რომელიც წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სცენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება", - თქვა კობახიძემ. მისი თქმით, "რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებთან და ჩალის ფასი აქვს". დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი დღეს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“ https://www.radiotavisupleba.ge/a/31890594.html

Source: radiotavisupleba.ge