მედია ავრცელებს სამგორის გამგებლის გინების პოსტს 20 ივნისის აქციის მონაწილეებზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვრცელდება სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის ფეისბუკპოსტის სქრინი, რომლის მიხედვითაც, ის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს აგინებს. ფეისბუკპოსტში, რომელიც ახლა არ იძებნება, წერია, რომ იმედი ჰქონდა "შეცდომას არ დაუშვებდნენ". "მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენს შვილებს, გვერდით მდგომებსაც შეუძახებდით, შეცდომა არ დაეშვათ! მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ", - წერია კახა სამხარაძის სახელით გავრცელებულ პოსტში. ეს პოსტი, ამ დროის მონაცემებით [21 ივნისი, 12:19], კახა სამხარაძის "ფეისბუკის" გვერდზე არ იძებნება, თუმცა მოქალაქეები გამგებლის სხვა საჯარო პოსტებზე ბრაზს შეურაცხმყოფელი კომენტარებით გამოხატავენ. სამგორის რაიონის გამგეობის პრესსამსახურში რადიო თავისუფლება გამგებელთან არ დააკავშირეს. პრესსამსხურში ამბობენ, რომ თუ გავრცელებულ პოსტზე გამგებელი კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს, ინფორმაციას მიაწვდიან ჟურნალისტებს. გუშინ, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის დაანონსების შემდეგ მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს იყო პარტიული შეკრება. მათ შორის იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალძე. მისი თქმით, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" აქცია. დღეს კი, რამდენიმე ათასი ადამიანის რუსთაველის გამზირზე შეკრების შემდეგ პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას, რომელიც გუშინ, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც ესწრებოდნენ. "მოსახლეობის 80 პროცენტი არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და, რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ", - თქვა ბექა დავითულიანმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31907818.html

Source: radiotavisupleba.ge