„...იქნებ კავშირი გაგიწყდათ და არ იცით, რომ ხალს ლუკმა-პური ენატრება?“
Tbilisi Daily
ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს საჭმელი ენატრებათ და ისე იზრდებიან, რომ ხორცი არ აქვთ გასინჯული - აი, ასეთ ქვეყანაში გამოდიხართ, მუშტებს აბრახუნებთ და ამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა გაანადგუროთ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს.
აქვე გამოთქვამს ინტერესს, რატომ არაფერი თქვა პრემიერობის კანდიდატმა ქამრების შემოჭერის თაობაზე, თუნდაც ზრდილობის გამო.
“ამ წლების განმავლობაში, რასაც ვაკვირდები, თქვენ მართლა გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრის მთავარი ფუნქციაა ებრძოდეს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია. გაიძახოდით: - რადარებიდან უნდა გავაქროთ, გავანადგუროთ... ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ქრება და ნადგურდება საქართველო. სანამ თქვენ ოპონენტებთან ბრძოლაში ასეთი ჟინით ხართ შეპყრობილი, ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება. ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? - მაგალითად, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ? წლებია მაღალ თანამდებობაზე ხართ, იქნებ კავშირი გაგიწყდათ და არ იცით, რომ ხალს ლუკმა-პური ენატრება?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.
ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამა გააცნო.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#GeorgiaDaily
#საქართველო