ზურა უტიაშვილი: როდესაც ქუჩაში გავდივართ, ვხედავთ, რომ ხშირად იგნორირებულია ნებისმიერი წესი

Tbilisi Daily

როდესაც ქუჩაში გავდივართ, ვხედავთ, რომ ხშირად იგნორირებულია ნებისმიერი წესი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს იმ დონემდე, რომ ინფიცირების ჯაჭვს გავწყვეტთ, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის დირექტორმა, ზურა უტიაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საქართველოში სხვა პანდემიები იყო, მაშინაც ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ დისტანცირება იყო. „ხდებოდა ოჯახების განრიდება, იზოლირება და ეს იყო და არის ერთადერთი გზა. როდესაც გავდივართ ქუჩაში, ვხედავთ, რომ ხშირად იგნორირებულია ნებისმიერი წესი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს იმ დონეზე, რომ ჯაჭვს გავწყვეტთ. გადატვირთულობის ხარისხი ვერაფრით ვერ შემცირდება და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაართმევს თავს ისე ეფექტურად, რომ გადატვირთულობა არ იყოს. ამას უნდა შევეგუოთ. თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ფხიზლად და უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული ექიმი ომშია! ჯარისკაცს ხომ არავინ ასამართლებს იმისთვის, როდესაც ის ომში დაიჭრება?! იგივეა როდესაც ექიმი ინფიცირდება. მოდით, გავუფრთხილდეთ ექიმებს, სისტემას. სისტემა როდის გაწყდება არავინ იცის. ეს ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესია, რომელიც შეიძლება მოხდეს, თუ რეგულაციებს არ დავიცავთ და ფხიზლად არ ვიქნებით“, - განაცხადა ზურა უტიაშვილმა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 3 004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.