რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის, ლევ კვიცინიას განცხადებით, აფხაზეთისთვის საქართველოსგან დახმარება მიუღებელია და ამის თაობაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა. ამის შესახებ მან "ეხო კავკაზასთან" ისაუბრა.
„თქვენგან პირველად მესმის, რომ საქართველო რაღაც დახმარებას გვთავაზობს. ჩვენთვის საქართველოსგან დახმარება მიუღებელია, ამიტომ ეს ტყუილია. არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი მცდელობა არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ქართველებთან ჩვენ კონტაქტი არ გვქონია“ - განაცხადა ლევ კვიცინიამ.
მისივე თქმით, აფხაზეთს ხანძრების ჩაქრობაში დახმარებისთვის არც რუსეთისთვის მიუმართავს, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს და ჯერ-ჯერობით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„გასაგები რომ იყოს, განვმარტავ: ავიაციის ერთი დღით მუშაობა დაახლოებით 50 ტონა საწვავია, ასეთი რაოდენობის საწვავი ჩვენ არ გვაქვს, ეს შეუძლებელია. ყველაფერი რაც ვერტმფრენს უკავშირდება, ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელი ხარჯებია“ – განაცხადა კვიცინიამ.
როგორც ის ამბობს, ხანძრების გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ამინდის პროგნოზის მიხედვით, წვიმაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში ტყისა და მინდვრების ხანძრებია. განსაკუთრებით რთული ვითარება გაგრაშია, სადაც ხანძარი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ტყის მასივშია. დღეს ხანძარმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა