იმედს ვიტოვებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმა საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს- "ლელო საქართველოსთვის”
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142104
საქართველოს საზღვრები ფსოუზე და როკზე გადის, შესაბამისად ანტიკრიზისული გეგმა დანარჩენ საქართველოსთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებსაც უნდა შეეხოს! როგორც ამ რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს გაგვაცნობს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენ, პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“, იმედს ვიტოვებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმა საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რუსეთს საქართველოს ოცი პროცენტი ოკუპირებული აქვს და საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, აქ მაცხოვრებელი ხალხი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა. მივიჩნევთ, რომ აფხაზურ და ქართულ, ოსურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ხიდების გადება, ნდობის მშენებლობა, საქათველოს დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ,,კოვიდ–19’’ დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც გაითვალისწინოს. მათ დღეს ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება. როგორც სამედიცინო აღჭურვილობის ისე ზოგადად ჰუმანიტარული კუთხით. ამასთანავე, ანტიკრიზისულ გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის მხარდაჭერაზე, რომელნიც სწორედ თავისი ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე, ხშირად დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან. დღეს, სწორედ ის დროა, როდესაც მტერმაც და მოყვარემაც, თვალნათლივ უნდა დაინახოს, თუ ვინ ზრუნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საქართველოს სწორედ ამ ურთულესი გამოწვევის პირობებში მართებს, მოიქცეს როგორც თავისი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო!" - აღნიშნულია განცხადებაში.