კალაძე: 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

Tbilisi Daily

საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. „ 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათის. სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე, როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებს შიგნით. რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას. მოითხოვდნენ პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად მათი უფლებამოსილი პირები მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში. აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების ეს შედეგები არ შედის მათ ინტერესებში. მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათ საუბარს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. დედაქალაქის მერის თქმით, არავის არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომელიც დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდა. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი მთელი სიმკაცრით“, - დასძინა კახა კალაძემ.