საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტების პირველი სხდომები გაიმართება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტების პირველი სხდომები გაიმართება. 13:00 საათიდან დანიშნულია ხუთი კომიტეტის სხდომა. ყველას დღის წესრიგი ერთნაირია - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და დებულების შემუშავება და დამტკიცება. ამ პროცედურას დღეს გაივლიან საფინანსო-საბიუჯეტო, საპროცედურო საკითხთა და წესების, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტები. საქართველოს მეათე მოწვევის პარლმენტმა პირველი სხდომა 11 დეკემბერს გამართა. სხდომაზე აირჩიეს პარლამენტის სპიკერატი და კომიტეტების თავმჯდომარეები. მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა, 90 დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი 60 მანდატი მოიპოვა საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ. ოპოზიცია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში არ მონაწილეობს. ბოიკოტის პარალელურად, ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას მართავენ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით. მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ამ კვირაში უნდა გაიმართოს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30999375.html #ახალი_ამბები #twitter