ისრაელში ქნესეთმა თვითდაშლა გამოაცხადა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ისრაელის პარლამენტმა (ქნესეთმა) მეორე და მესამე წაკითხვით მხარი დაუჭირა კანონპროექტს თვითდაშლის შესახებ. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩატარდება. ახალი არჩევნები უკვე რიგით მეხუთე იქნება ბოლო სამი წლის განმავლობაში. დოკუმენტის საბოლოო დამტკიცების შემდეგ 24-ე მოწვევის ქნესეთმა თვითდაშლა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კოალიციური შეთანხმების თანახმად, ნაფტალი ბენეტიდან საგარეო საქმეთა მინისტრ, იაირ ლაპიდზე გადადის. ის გახდება ისრაელის სახელმწიფოს მე-14 მეთაური და მთავრობას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს. ბენეტმა და ლაპიდმა 20 ივნისს ქნესეთის დათხოვნის გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მიზნით გამოაცხადეს. რვა პარტიისგან შემდგარი კოალიცია ვერ შეთანხმდა ფუნდამენტურ საკითხზე-ი იმ დოკუმენტის ვადის გაგრძელებაზე, რომლის მიხედვითაც დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებები ისრაელის კანონების და არა პალესტინის კანონების შესაბამისად ცხოვრობენ. კოალიციაში მყოფმა არაბმა დეპუტატებმა უარი თქვეს ხმა მიეცათ დოკუმენტის ვადის გაგრძელებაზე. ბენეტისა და მთავრობის სხვა პარტნიორებისთვის ეს პრინციპული საკითხი იყო. ბოლო მონაცემებით, წამყვან პოზიციას იკავებს ოპოზიციური პარტია "ლიკუდი", რომლის ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა. ნეთანიაჰუმ, რომელიც კორუფციის ბრალდებით სასამართლო გამოძიების ქვეშ იმყოფება, ბენეტის მთავრობას ისრაელის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი უწოდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31923255.html

Source: radiotavisupleba.ge