უსამშობლოდ - ნაწილი I
Sokhumi Daily
ბედნიერებაა, როცა არაფერზე დარდობ და იცი რა გელოდება მომავალში,როცა არაფრის გეშინია და მშობლების იმედად ხარ,რადგან ყველა ტკივილს მათი ლამაზი სიტყვები და ჩახუტება შველის, ეს უდარდელი წლები კი ბავშვობის პერიოდს უკავშირდება. გადის დრო და ნელ-ნელა იზრდები,დროთა სვლასთან ერთად კი დაბრკოლებები და შიში იზრდება, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ და ისწრაფვი მიზნისკენ,რომლის გასახორციელებლად ძალ-ღონეს არ იშურებ.
წარსული ცხოვრების ის ნაწილია,რომელიც ბედნიერ და უბედურ მოგონებებს ინახავს,ერთი უკან მოხედვა და მის ღრმა მორევში აღმოჩნდები,საიდანაც უკან დასახევი გზის გაკვალვა გაგიჭირდება. კარგია,როცა არაფერზე ფიქრობ და ეს ფიქრები არ გღრღნის,კარგია,როცა არაფრის გეშინია და იცი რა გინდა.
რთულია მიაღწიო სრულყოფილებას,რთულია გაუგო ცხოვრებას და მოიქცე ისე,რომ უზრუნველყოფილი იყო, დღევანდელობაში კი ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, ყველას ინდივიდუალური ცხოვრება აქვს,ყველა სხვადასხვა დროს აღწევს წარმატებას და იწყობს კარიერულ წინსვლას,ზოგისთვის ეს მარტივია,უმეტესობისთვის კი რთული ან შეუძლებელი. სწორად ცხოვრებას როცა ვისწავლით,მივხვდებით რა გვაკლია ბედნიერებისთვის.
ჩემი ცხოვრება კი ერთი დიდი გაუგებრობაა,რომელიც სირთულეებით და უდიდესი დაბრკოლებებითაა სავსე.მინდოდა მეცხოვრა ისე როგორც სხვები ცხოვრობდნენ,მქონოდა ისეთი გარემო, სადაც ყველაფერი მარტივად შესაძლებელი იქნებოდა,თუმცა ეს ყოველივე არ გამომივიდა.
მე ვცხოვრობ საქართველოში,ვინაიდან ვარ ქართველი,თუმცა დავიბადე და გავიზარდე ქვეყის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ,აფხაზეთში,რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული,ეს ტერიტორია საქართველომ ოფიციალურად 1992 წელს დაკარგა, აქედან მოყოლებული დღემდე აფხაზეთის ტერიტორიას აფხაზები და მასზე ზემდგომი ქვეყანა რუსეთი აკონტროლებს,საზღვრის გადაკვეთა დიდ სირთულეს წარმოადგენს, ენგურის გაღმა მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება საზღვარი გადმოკვეთონ,ხოლო აფხაზეთში აფხაზური საბუთის მეშვეობით უშვებენ,ამ საბუთის გაკეთება კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 2010-11 წლამდე არარეგალურად შეეძლო მოსახლეობას საზღვრის გადაკვეთა,ეს კი დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული,დედებს პატარა ბავშვებიანად და მოხუცებს, უწევდათ ადიდებული ენგურის გადალახვა, ტყე-ღრეებში და ეკლიან მინდვრებში ჩუმად გადარბენა,სადაც რუსი სამხედროები იყვნენ ჩამალულები და თუ გადაეყრებოდა რომელიმე დაიჭერდნენ,გალის ერთ ერთ სამხედრო ბაზაში მიჰყავდათ,სადაც იმ დრომდე არ უშვებდნენ სანამ თანხას არ გადაიხდიდნენ.მოგეხსენებათ ყველა სასაზღვრო ზოლი ჩაკეტეს, ახლა მხოლოდ ერთი საზღვრი გვაკავშირებს ენგურის მიღმა არსებულ სამყაროს,აქაური სამყარო პატარა და განუვითარებელია, აქ ჩვენთან ქართული სულისკვეთება და უდიდესი იმედი სულდგმულობს,ველით შველას,ჯერ კიდევ და ჯერ კიდევ....
დიახ, მე ის პატარა გოგონა ვარ,რომელსაც ამ წლების განმავლობაში უწევდა ამხელა შიშის და ზეგავლენის ქვეშ ცხოვრება, მიწევდა სწავლა-განათლების მიღება ქართულად ისეთ გარემოში,სადაც ეს აკრძალული იყო, დიახ!
მე სწავლა ქართულ ენაზე მწყუროდა,მშობლები კი ხელს ყველანაირად მიწყობდნენ,რომ დროთა სვლას და პირად განვითარებას არ ჩამოვრჩენოდი. პატარაობისა მეგონა,რომ მესაზღვრეები და ყველა ის ადამიანი ვისაც სამხედრო ფორმა ეცვა რუსი ან აფხაზი იყო, ქართველი მესაზღვრეების დანახვისასაც კი ტანში მაჟრიალებდა,მეგონა რომ ყველა ფორმიანი ურჩხული და კაციჭამია იყო,მეგონა რომ თუკი შემეხებოდნენ რამეს დამიშავებდნენ. ბევრი ცუდი ისტორია მოვისმინე,ტელევიზიიდან ბევრი სისხლის ღვრა და საბრძოლო იარაღი დავინახე,რეალურ სამყაროშიც ვხედავდი,როგორ უმოწყალოდ ურტყამდნენ რუსები უდანაშაულო ადამიანებს...მამაკაცები ვერ უძლებდნენ მათი მხრიდან დამცირებას და როცა შეეპასუხებოდნენ ან ხელს აღმართავდნენ მათზე რუსები ამას ქართველის მხირდან,მითუმეტეს მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირისგან ვერ აიტანდა და მთელი საათს განმავლობაში ტანჯავდნენ,ურტყამდნენ და აშიმშილებდნენ.ამას ხალხი რომ ხედავდა,ეშინოდათ შემდეგი თვითონაც არ ყოფილიყვნენ და ხმას ვერ იღებდნენ,ისინი მათ ემონებოდნენ..,ჩვენ კი ბავშვებს არაფერი შეგვეძლო,გვინდოდა ხმა ამოგვეღო და გვეთქვა რამე,მაგრამ მშობლები გვიკრძაკავდნენ,რადგან იცოდნენ რომ ბავშვებს ვერაფერს დაუშავებდნენ და ამით მათ მოსთხოვდნენ პასუხს,შეიძლებოდა არ დამეჯერებინა მათთვის და რამე გამეკეთებინდა,თუმცა ენა არ ვიცოდი საამისოდ და თავს ვიკავებდი...
2006 წელს ერთ-ერთი სოფლის ბაღში შემიყვანეს, ეს სოფელი კი ენგურის გაღმა მდებარეობდა,ჩემი სოფლიდან შორს, ბაღის დღეებში მამიდასთან ვრჩებოდი,ყოველ შაბათ-კვირას კი სახლში ვბრუნდებოდი. იმ დროისთვის რუსი სამხედროები სკოლის და ბაღის ბავშვებს უპრობლემოდ უშვებდნენ,ახლა კი ესეც აკრძალული გახდა.
2007 წელს ჩვენივე სოფლის სკოლაში პირველ კლასში შემიყვანეს,საიდანაც იწყება მთელი ჩემი ისტორია...იმ დროისთვის გალის დაბალ ზონებში ყველა სკოლა ქართულად ფუნქციონირებდა,დღეს დღეობით კი მხოლოდ ჩვენი სკოლა დარჩა სადაც ქართულად ასწავლია, თუმცა ესეც დიდხანს ვერ გასტანს,დაახლოებით სამ-ოთხ წელში ისიც რუსულ სკოლად გადაიქცევა.
ავტორი: მარიამ ბერანძე
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ომი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#ჩანაწერი
#sokhumidaily