ჩემს ოჯახს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რად უნდა გოგოს პარტიაშიო?

Marneuli Daily

მახსოვს, მეორე კურსზე რომ ვსწავლობდი, არჩევნების პერიოდში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის აქტივობებში ვიყავი ჩართული. მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩვენც ვესწრებოდით. დავდიოდით სოფლებში და ვეცნობოდით მოსახლეობის პრობლემებს. ყოველი მგზავრობიდან შეწუხებული ვბრუნდებოდი. დანგრეული გზები, სკოლები, ცივი სახლები, დანაგვიანებული ქუჩები, ადამიანების მზისგან დამწვარი კანი, მძიმე სამუშაოსგან გაშავებული ხელები, უიმედო თვალები… ყველაზე მეტად, ქალების მდგომარეობამ შემაწუხა. სოფლების უმრავლესობას წყლის პრობლემა აქვს, წყლის დეფიციტი კი ქალებს შრომას უმძიმებს. ოჯახის წევრების წყლით უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორეულ წყაროსთან ურიკებით სიარული და წყლის სახლში მოტანა უწევთ. წყლის არქონის გამო, ქალები ორმაგად ფრთხილნი არიან ხოლმე – წყალს ისე ანაწილებენ, რომ ყველაფერს ეყოს. მაშინ მივხვდი, რომ არჩევნების პერიოდში ქალების გაცნობიერებული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებული გენდერული უთანასწორობის პრობლემის ყველაზე დიდი მიზეზი, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო ქალების პოლიტიკური აქტივობა მათი ”ხმის მიცემის უფლებით” შემოიფარგლება. მაშინ, მცირე კვლევის შედეგად, მივხვდი, რომ პოლიტიკაში მოღვაწე ქალების თითებზე ჩამოთვლა შეიძლება. ეს სიცარიელე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების ბრალია. ამ აზროვნების მსხვეპლი ოდესღაც მეც გავხდი. პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში ჩართულობისას ვთვლიდი, რომ რაღაც მცირედი ნაწილით მაინც ჩართული ვარ პოლიტიკურ საკითხებში და ეს მახარებდა. ჩემი ეს აქტივობა ყველას არ მოეწონა. სხვა პარტიიდან ჩემს ოჯახს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რად უნდა გოგოს/ქალიშვილს პარტიაშიო? დააბრუნეთ სახლში, სწავლით დაკავდესო. გოგოს პოლიტიკაში რა უნდა, მერე სწავლის მერე სამსახურს ვერ იშოვისო და მრავალი სხვა. ოჯახი ძალიან შეწუხდა, მაგრამ მე ამან უბრალოდ გამაცინა. მეორე მხრივ კი, სატირალი მდგომარეობაა. წარმოგიდგენიათ გაუნათლებლობის დონე? დემოკრატიის დამახინჯებული გაგებაა? მშობლების რაღაც დონეზე მესმოდა, ისინი “დამორჩილდი” გაგებას ვერ დაშოდნენ, მაგრამ პოლიტიკოსებს რა ვუთხრათ?! მხოლოდ იმის გამო, რომ გოგო ვიყავი, “ქალს რა უნდა პოლიტიკაში” რას ნიშნავს?! დღეს ცოტა კი შეცვლილია სურათი, ცოტა იმედი მაინც გვაქვს. ისე, ცნობისთვის, მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქიდან წელს მხოლოდ ერთი ქალია მაჟორიტარობის კანდიდატად. იმ ქალს ქალური სოლიდარობით წარმატებებს ვუსურცებ, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმაც კი, ამ მდგომარეობის შეცვლისთვის ბრძოლად შეიძლება აღიქმებოდეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო : ფანჯარა