აპლიკაცია, რომელიც ანონიმური ვიდეოების ჩაწერაში დაგეხმარებათ

0
ჩვენს სახეებს აქამდე ასეთი მნიშვნელობა არასდროს ჰქონიათ. სახის ამოცნობის ალგორითმებისთვის ძალიან მარტივია ჩვენი იდენტიფიცირება. თუმცა, მეორე მხრივ, იქმნება პროგრამები, რომლებიც სახის ამოცნობის ტექნოლოგიების საპირისპიროდ, ადამიანების იდენტობის დაფარვას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითი ამისთვის ბრიტანული AI სტარტაპის – Playground-ის აპლიკაციაა, რომელსაც Anonymous Camera ჰქვია და ის App Store-ზე უკვე ხელმისაწვდომია. ის განკუთვნილია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც რესპონდენტის ანონიმურად ჩაწერა უნდათ. აპლიკაციას შეუძლია როგორც სახის დაფარვა, ასევე, მთლიანი სხეულის, ან სხეულების, რომელიც ვიდეოში ჩანს. ისევე, როგორც ხმის გადასხვაფერება. ხშირია შემთხვევა, როცა პირის იდენტიფიცირება ტატუს, თმის, ნაიარევის, ან სხვა სპეციფიური ნიშანის დახმარებით ხდება. სწორედ ამიტომ, Anonymous Camera-ს შეუძლია რესპონდენტის არამხოლოდ სახის და ხმის დაფარვა, არამედ მთელი სხეულის შენიღბვაც. ხშირია შემთხვევა, როცა სპეციალური პროგრამებით შესაძლებელია ანონიმური რესპონდენტის სახესა და ხმაზე დადებული ეფექტის მოხსნა. ანუ, მათი იდენტიფიცირება. ეს მაშინ ხდება, როცა ვიდეოს ჯერ ჩვეულებრივი კამერით იღებთ, შემდეგ კი სპეციალურ პროგრამაში ადებთ ეფექტს. Anonymous Camera-ს გამოყენების შემთხვევაში კი ეფექტის მოხსნა და პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ Anonymous Camera კონტენტს რეალურ დროში ამუშავებს, რაც მსგავს აპლიკაციებში აქამდე შესაძლებელი არ იყო. ეს ნიშნავს, რომ აპლიკაციით გადაღებული ვიდეოები და ფოტოები მხოლოდ დაშიფრული და დაფარული სახით არსებობს და მათ „ორიგინალს“ არათუ სხვა, თქვენც ვერსად იპოვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ტელეფონი ვინმეს ხელში აღმოჩნდება, ის ვერ შეძლებს ისეთი გამოსახულებების პოვნას, რომლითაც აპლიკაციის დახმარებით ჩაწერილი რესპონდენტის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. Anonymous Camera იყენებს მანქანური დასწავლის მეთოდს, იმისათვის, რომ გამოსახულებაში არსებული სახეები დააფიქსიროს, რათა შემდეგ დაფაროს ისინი. გარდა ამისა, აპლიკაციას შეუძლია დაშიფროს ნებისმიერი მონაცემი, რომელიც ვიდეოს უკავშირდება. მაგალითად ის, თუ რა მოწყობილობით და სად გადაიღეთ ვიდეო.
0