ღმერთია თავად სიყვარული!

0
თავი ქაღალდის პატარა ნავი მგონია, ონავარი ბავშვის გაკეთებული და ოკეანეში ჩაშვებული. ამ ნავივით ვლივლივებ დროის ზვირთებზე... ხან აქ ვარ, ხანაც იქ-ჩემს წარსულში... ხან ფანტაზია მომეძალება ჯიუტი ბავშვივით და დაუნდობლად გადამისვრის მომავალში დროის მანქანით, რომელიც თავად გამოვიგონე, შენთან შესახვედრად. რაოოო?! ნუო, გადარეულოო, ასე რაებს ბოდავო!- მეუბნება წარმოსახვა- ჩემში ჩასახლებული მაცდური ჭინკა. როდემდე უნდა სდიო ბავშვურ ზღაპრებს, არ დაიღალე ამდენი ოცნებებითო?!-მერე რა, განა ამის გამო ღირს გაჩერება?! განა შეიძლება გაიყინო სივრცეში და ფრენაზე უარი თქვა?! ღმერთიაო თავად სიყვარული, ამიტომაცაა ასეთი უსასრულო, საოცნებო, უძირო და უკიდეგანო! ასე შევცურდები მასში-უძიროსა და უკიდეგანოში, შენთან შესახვედრად! შენ, ხოოო, შენ! ჩემთვის დაბადებულო მრავალი წლის წინათ! შენ, შეუცნობელო, გამოუცნობო ჩემო შფოთვავ და ვნებავ! მოგიხმობ მრავალი წლის შემდეგ, მთელი ჩემი გრავიტაციით, მიზიდულობით, პლანეტებითა და ვარსკვლავებით! ჩემთვის შექმნილო და მსუნთქავო არსებავ! გიხმობ შენ, ყველგან და ყოველთვის, ყველა ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვაში, დარსა თუ ავდარში! შენ ხარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული, არაბუნებრივი, არამიწიერი სიყვარული ჩემი! შენ, ჩემი სიზმრების მბრძანებელი-მე, შენი სიზმრების დედოფალი... ღრუბლებში გაბინდული, ცაზე აზიდული გუმბათი ტაძრის, შენს მიერ სიზმრად მოძრღვნილი, ჩვენი სალოცავი, მე შენი ღრუბლებზე მწოლიარე ჩუმი მღელვარება!!! მაშინ, როცა ქაღალდს და ფანქარს ვიღებ და ვიწყებ ამ თეთრი სივრცის დაპყრობას, შენ გეძებენ ჩემი თითები, ჩემი თვალები, ჩემი წარმოსახვა და იწყებენ შენი სახების გამოძერწვას. გძერწავენ უტყვს, მდუმარეს, თან მრავლისმთქმელს და "უშიშარს, ვითარცა უხორცოს". როგორ მიყვარს ამ სახის ცქერა... გარკვევით ვხედავ შენს ყველა ნაკვთს, დროისაგან ჩამოქნილ ღარებს, აწეწილ, ურჩად გადაყრილ თმას და ნახევრად ჩაბნელებულ პროფილში ვცდილობ, გავარჩიო შენი სულის იდუმალება, შეგიცნო და შეგისრუტო მზის სხივებისაგან აკრეფილი დილის ნისლივით და დავალაგო აწეწილი ჩემი გრძნობები. გიყურებ მკაცრ და სევდიან პროფილში და ერთდროულად ვნებაც მოდის, პატივისცემაც და სიწმინდეც! შენ ხარ ჩემი მუზა, ჩემი აღმაფრენა, ჩემი ბედნიერება, ჩემი სიყვარული, მიზეზი სამყაროს დაპყრობისა და მიზანი დიდებისა! ბედნიერებაა შენს გვერდით ყოფნა, უსასრულობის შეგრძნებას ბადებ, თითქოს კოსმოსი ხარ, უკიდეგანო და შენს შავ, ბნელ და იდუმალ მხარზე მიდევს ფიქრებისაგან გაბეზრებული თავი, სამყაროს მბრძანებელი მგონია საკუთარი არსება, ჟანგბადი გლეჯს ფილტვებს და ემოციებად იღვრება ატმოსფეროში...! შენს გვერდით დუმილიც მრავლისმთქმელია, ის თავად ლაპარაკობს შენი სახელით... ამ დროს ვხვდები, რომ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს, მხოლოდ შენი სხეულიდან წამოსული ტალღები საუბრობენ შენი სახელით. საუბრობენ კი არა, ბობოქრობენ, ღრიალებენ და ნაპირს აწყდებიან, ჩემ ნაპირს-სიზმარში ნანახ, ლამაზ ნაპირს, თეთრი ქვიშითა და ბრჭყვიალა კრისტალებით... მოდიან გუგუნით და როცა ჩემამდე მოაღწევენ, ძალას კარგავენ, ნელდებიან, ნებდებიან ფშვინვითა და ქშენით, დოღის ნარბენი ულაყებივით და ჩემს ფეხებთან ილექებიან რძისფერ ქაფად-ის შენი სულია, ჩემთან მოცურებული, სანატრელი და სავედრებელი, ნეტარების მორევში ჩამთრევი, ის თავს აფროდიტედ მაგრძნობინებს, აფროდიტედ, რომელიც ამ ქაფისაგან წარმოიშვა, როგორც ევა ადამის ნეკნისაგან. საოცარია, მე დავიბადე შენი ნეკნიდან დიდი ხნის წინათ, ტკივილსა და ნეტარებაში, ამიტომაა ასე რომ მტკივა და მიხარია, მცივა და მათბობს, მძულს და მიყვარს! შენსავით ბობოქარია ეს ნეკნი, დაუდგრომელი, ჯიუტი და თავნება, გადამდებია და მომაკვდინებელი- ავი სენივით, ნარკოტიკია, მიმჩვევი და დამმორჩილებელი, ამიტომაცაა რომ მინდა მის წიაღში დაბრუნება, იქ ხომ ჩემი საცხოვრისია!
0