მაღლა - ცისთვის თუ დაბლა - მიწისთვის?

0
შეჩერდა და მზე დაიჩრდილა ხელით. ესეც ასე, ჩამოვიდა ბოლოს და ბოლოს. მოვიდა და აჰა, არც აჩქარებულა. აქეთ-იქეთ იყურებოდა - არც ეჩქარებოდა ისე. ოჰ, დრო იმდენი ჰქონდა, იმდენი, რომ ათასი ქვეყნის ათას ერთ ისტორიას ჩაიწერდა ათი ათასჯერ. დიახ, ჰქონდა დრო თავზე საყრელი, ოღონდ არ იცოდა როგორ მოეკლა: მახვილის ზურგში ჩაცემით თუ ცეცხლსასროლი იარაღით - პირდაპირ გულში? ვერც ის გაეგო რისთვის ეყურებინა: მაღლა - ცისთვის თუ დაბლა - მიწისთვის? აქ, დაბლა, მიწაზე, ორსართულიანი სახლი იდგა და არაფერს ისეთს ამბობდა, რაც შორეთიდან ჩამოხეტებულ ამ მოგზაურს დააინტერესებდა. ხოლო იქ, მაღლა, ცაში, მზე იდგა და ბამბის ქულასავით ღრუბელს ერკინებოდა. არც ცა და არც მიწაო, - გადაწყვიტა და მზერა იმ შორეულ, ცასა და მიწას შორის გაჩხერილ მთებს მიაპყრო, ყინულის მარწყუხებს რომ დაეჭირა. აქა-იქ კი მაინც შემორჩენილიყო შემოდგომის კვალი, მუქი ყავისფერი და არა ყვითელი, ხასხასა ფოთლებით. ერთი სიტყვით, შუადღის ცის ქვეშ ყოყმანობდა სულში ლამპარანთებული სულდგმული, თეთრ დეკორატიულ ჭიშკართან, რაღაც ღრმა მისტიური განცდითა და გრანდიოზულობის მოლოდინით გაყურსული. 🧚🏾‍♀️
0