Why women kill

0
ყველა სერიომანს მოეხსენება, რომ ხარისხიანმა სერიალებმა თავიანთი თავი საკაბელო არხებსა და ინტერნეტ პლატფორმებზე დაიმკვიდრეს. მხოლოდ Netflix-ის და HBO-ს დასახელებაც კი კმარა იმის მისახვედრად რომ ამერიკაში არსებული სამაუწყებლო კომპანიების ოთხმოცი პროცენტი ხარისხიან სერიალებს ვეღარ აწარმოებს. თუმცაღა მოულოდნელი გამონათებასავით იყო CBS-ის სერიალის WHY WOMEN KILL-ის გამოჩენა, რომელმაც ფაქტობრივად ახლებური ხედვით გვაგრძნობინა რომ, სატელევიზო არხები ჯერ კიდევ ზრუნავენ ხარისხიანი კონტენტის შექმნაზე. 'რატომ კლავენ ქალები' ყველასათვის კარგად ნაცნობი სერიალის, სასოწარკვეთილი დიასახლისების, შემქმნელების ნამუშევარია და სტანდარტულად მოლოდინიც მსგავს ჟანრში გადაწყვეტილი ხანგრძლივი საპნის ოპერა იყო თუმცა სწორედ აქ ცდებოდა ყველა. ამ სერიალმა დაიწყო სტერეოტიპების მსხვრევა და დაგვანახა რომ კი, შეიძლება სერიალს გასდევდეს ლაიტმოტივად ბრაზილიურ, ესპანურ, თურქული დრამები, მაგრამ ამავდროულად იყოს სრულად ახლებური და გამორჩეული პროდუქტი. სერიალი მოგვითხრობს ერთ სახლში, სამ სხვადასხვა დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. სამივე სახლში მკვლელობა მოხდა და სამივე მკვლელობა ქალმა ჩაიდინა. მთხრობელი სერიალის დასაწყისში, როდესაც ამ საიდუმლოს გვიმხელს დასძენს რომ სჯობს დაველოდოთ ყველაფრის დასრულებას და შემდეგ გადავწყვიტოთ დავადანაშაულებთ თუ არა რომელიმესო. მართლაც, მთელი შოუ დინამიურად, ცოცხლად და სახალისოდ არის აგებული. დრამა და კომედია ერთმანეთს ისე არის შეხამებული, რომ ამ ტრაგიკომედიისგან ხშირად სიმწრის სიცილიც კი შეიძლება წაგსკდეს. მსახიობებიც იდეალურად არის თავიანთი როლებისათვის შერჩეული. ამის დასტური მხოლოდ ლუსი ლიუა, რომელმაც ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. ბევრი რომ არ გავაგრძელო სერიალი იდეალურად ხატავს სამი სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელ აქტუალურ პრობლემებს და გვანახებს რომ დისკრიმინაცია და სტიგმა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულ არსებობდა და ახლაც არსწბობს. უბრალოდ სახეს იცვლის და ხან როგორი მოევლინება სამყაროს ხან როგორი. ერთადერთი რაც მინდა გირჩიოთ არის ის რომ არ გამოტოვოთ ეს არაჩვეულებრივი შოუ, რომლის ყურებისას დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებთ.
#ხელოვნება
0