ბებო

0
კიბესთან იჯდა, კუთხეში. სწრაფად ჩამოვირბინე საფეხურები და ახლოს მივედი. ვიფიქრე, ცუდად გახდა და ჩამოჯდა მეთქი. კოპწია იყო... მივხვდი, სახლიდან გამოსვლისას ამაზე არც უფქრია, მაგრამ განა ამაზე ფიქრობენ კოპწია ქალები?! ეს თვისება მათ ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. ვერაფერს შეცვლი რამდენიც უნდა ეცადო, ასეა და მორჩა! ამინდის შეუფერებლად ეცვა, თბილად. ლამაზად ნაქსოვი ქიშმირის თავშალი თავზე წამოეფარა. ვერ მივხვდებოდი ბებრულად სციოდა თუ თავს იზღუდავდა გარემოსაგან. ტანზე ერთ დროს ლამაზი, ვადაგასული, მაგრამ მაინც ნალოლიავები, სუფთა კაბა ეცვა, ადგილ-ადგილ დაკემსილი, მაგრამ იმდენად კოხტად მოგვირისტებული, მიხვდებოდი, როგორ დიასახლისთანაც გქონდა საქმე. იმდენად უბრალო, სუფთა და კოპწია იყო, ყველანაირი ფიქრი გამიქრა მოწყალებაზე... ახლოს მივედი. ჯერ მხარზე შევეხე რომ არ შემეშინებინა. როცა მისი დამჭკნარი სხეული შეირხა და ქიშმირის თავშალი გადავწიე, შევკრთი... თავშლის სიღრმიდან თავად ცხოვრებამ ამომხედა! ზუსტად ასე იყო! მთელმა განვლილმა, გასავლელმა და ჩემეულმა- ჯერ არნახაულმა, არგანვლილმა და შეიძლება, ვერ გასავლელმა სიბერემ ამომხედა ბინდდაკრული თვალებით, გამიარა და ჩამიარა! იმდენად ლამაზი მოხუცი იყო, ადგილზე გამაქვავა! წამიერად მიმაჯაჭვა... ათასმა აზრმა ჩამიქროლა და გამიქროლა, მაგრამ მალევე მოვედი გონს. მისი ნახევრად ჩამქრალი თვალები საოცარი განცდით მიყურებდნენ. იმ წუთს ვინანე კიდეც თვალების "წაკითხვა" რომ შემეძლო! იმ წამიერმა შემონათებამ სულ გამომაცალა დარჩენილი სიამაყე და იქვე ქუჩის დაღმართზე დააგორა! ჩემს კითხვებზე პასუხი არ გაუცია. ისევ მიაბრუნა თავი და კედელს მიაყრდნო. თავშლის კალთები გადავუწიე და მაჯას მოვხვიე თითები. გაწყალებულ ვენებზე დიდხანს ვეძებე პულსი, ძლივს მივაგენი, მაგრამ ისე გამომეხმაურა, როგორც ჰორიზონტზე ზღვაში ჩამხრჩვალი მზის უკანასკნელი სხივი! მაჯა საოცრად თბილი იყო, მოფერება მომინდა... მუჭში მოვიმწყვდიე მისი ჩონჩხადქცეული სილამაზე და გვერდით მივუჯექი. ბებო, ცუდად ხარმეთქი?-კი ვკითხე, თუმცა უკვე ვიცოდი, რომ არ მიპასუხებდა! ათასი კითხვა მომაწვა თავში, მაგრამ თევზივით პირში წყალჩაგუბებული ვიჯექი. მივეხუტე მოხუცს, რატომღაც, მომეჩვენა, რომ სციოდა. გავირინდე და მომინდა, უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს გარინდება! ამ უმწეო, სხივჩამქრალი სხეულიდან ისე მოგუგუნებდა სიცოცხლის ფეთქვა, გადმომედო, დენივით გაიარა ჩემს ვენებში, გულში ამოცურდა, გულიდან ყელში, ყელიდან თვალებში და მერე ღაწვენზე ჩამოსრიალდა! არაფერი ვიცოდი, ვინ იყო, რატომ იჯდა აქ, მაგრამ მაინც ყველაფერი ვიცოდი! მისმა გულისცემამ მითხრა ყველაფერი-გვარს და სახელს რა მნიშვნელობა ჰქონდა?! კიდევ დიდხანს გასტანდა ჩვენი უხმო საუბარი, გამვლელები რომ არა. უინტერესოებმა უბრალოდ შემოგვხედეს, ყურადღებიანებმა მოგვიკითხეს და სცადეს დახმარება... საოცარი სანახავი იქნებოდა მაღაზიის კიბეზე ჩამომსხდარი სიბერე და ახალგაზრდობა! არცერთი იყო მათხოვარი, ორივე კოპწია და მარტოსული! ყველას ვანიშნე, არ შევეწუხებინეთ და ჩუმად ვკითხე ჩემს მომავალ სიბერეს-ბებო, ცუდად ხომ არ ხარ, სად ცხოვრობ, დამეხმარე, სახლში წაგიყვანო მეთქი!-არ ინძრეოდა, მაგრამ ყველაფერი მესმოდა! მივხვდი არაფერს მეტყოდა, იმიტომ არა, რომ თქმა არ შეეძლო, უბრალოდ არ სურდა, ან უჭირდა.... მთელი ჩემი სხეულითა და სულით ვგრძნობდი მის სულს! საკუთარი თავის არ მესმიდა ისე, როგორც მისი! წამიერად, მომეჩვენა, რომ დავბერდი და ეს მე ვიჯექი კიბეებზე, ხოლო გვერდით ჩემი ახალგაზრდობა მედგა შეწუხებული და ცდილობდა, წამოვეყენებინე. მისი ჩანთა ავიღე... კოპწია...მე რომ დავიჭერდი, ისეთი! გავხსენი იმ იმედით, რომ ტელეფონს, ან საბუთებს ვიპოვიდი, რითაც ვინაობის დადგენა არ გამიჭირდებოდა, ან ახლობელს მივაწვდენდი ხმას და ჰოი საოცრებავ, ჩანთაში ლამაზი, მაქმანებიანი, გახამებული ცხვირსახოცისა და სარკის გარდა არაფერი იდო. ჩანთის შიდა ჯიბეები მოვსინჯე და საუკუნის წინანდელ, უკვე დალეულ ტუჩსაცხს მივაკვლიე მხოლოდ. არც პირადობა, არც ტელეფონი, არაფერი რაც რეალობაში დამაბრუნებდა სულ გაბრუებულს! როდემდე გასტანდა ჩვენი იდილია, არც ვიცი, რომ არა ახალგაზრდა ბიჭის ხმა-ბებო, ეს შენ ხარ?! აქ რატომ ზიხარ?! ორივე შევკრთით. წამოვდექი, თითქოს გული დამწყდა ჩვენი უხმო საუბრის შეწყვეტისათვის. ბიჭს მოლოდინითა და კითხვით სავსე მზერა მივაპყარი... ისევ დუმილი! მოსმენილი რეალობასა და მომავალზე მწარე აღმოჩნდა!!! მიუხედავად იმისა, რომ მე და ახალგაზრდა ჩუმად ვსაუბრობდით, ეტყობა, მიხვდა ჩვენი საუბრის თემას. არ ვიცი, გული ამოუჯდა თუ ამოუვარდა, შეინძრა და ხელები უმწეოდ გაიწვდინა წინ უმისამართოდ. ორივე ვეცით. ბიჭი მომეხმარა, სკამზე გადავსვით. მე მაღაზიაში შევვარდი წყლისა და წვეთებისათვის. რომ გამოვედი, უარესად დამხვდა ყველაფერი... ამ უმწეო, ნახევრადჩამქრალ სხეულში ბობოქარმა სულმა გაიღვიძა და თავს იცავდა. რისგან? ვისგან?! ბიჭი მომიახლოვდა და მითხრა-არ უნდა შინ დაბრუნება, გადაირიაო! ბებოს ჭიქიდან მე მოვსვი წყალი, ცუდად ვიყავი... სასწრაფოც მოვიდა.... -სასიკვდილო არაფერია!-მითხრა სასწრაფოს ექიმმა-მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე?! სიკვდილზე უარესი რამ სჭირს! არ უნდა შინ დაბრუნება...! -თქვენ ვინ ხართ?!-მკითხა. მე უმწეოდ შევხედე ექიმს, ხომ არ ვეტყოდი, ამ მოხუცის წარსული ვარ მეთქი?! -აქვე გადავიყვანთ, საავადმყოფოში და მერე უკვე არ ვიცი!-მითხრა ექიმმა. მერე ისევ შემომხედა, თბილად გამიღიმა და დამამშვიდა, არ ინერვიულოთო! მადლობა გადამიხადა და მანქანის კარი გამოაღო. მე ვთხოვე, უფლება მოეცათ, ერთხელ კიდევ შემეხედა მოხუცისათვის! სასწრაფოს კარი გაიღო და ახლოს მივედი მოხუცთან. ამომხედა წყლიანი თვალებით. არ იღიმოდა, მხოლოდ თვალებმა შემომცინეს და დამიბრუნეს ჩემი მიტაცებული ახალგაზრდობა! ხელზე მომიჭირა ხელი და კვლავ ვიგრძენი, როგორ აჩქროლდა სისხლი ჩემს ვენებში! -ბებო, მაგრად იყავი, არ ინერვიულო მეთქი!-ესღა მოვახერხე და მიხურულმა კარებმა ბოლო ძაფიც გაწყვიტა ჩვენ ორს შორის! შემოვბრუნდი, ისევ მოვსვი წყალი იმ ჭიქიდან ხელებში რომ შემრჩენოდა. იმ წუთს ყველაზე მეტად ვიგრძენი ცხოვრება! ხათუნა ფერაძე 2020.05.05. ნოველისა და პორტრეტის ავტორი ხათუნა ფერაძე @
0