ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებზე: კონკურენტებად ვერ აღვიქვამთ

0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბრისას აცხადებს, რომ მათ კონკურენტებად ვერ აღიქვამს. „მაჭუტაძე, ვაშაძე, ბიუჯეტის ქურდი უგულავა, ბოკერიას „აშენებული“ ქვეყანა ჩვენ გვინახავს - მათ მიმართ ჩვენი საზოგადოების განწყობაც ვიცით. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბედს ვერ ვანდობთ. ჩვენ მათ კონკურენტებად ვერ აღვიქვამთ, მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან ისინი არიან მარგინალური ჯგუფები და არაფერი გააკეთეს ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების მიმართ საზიანო ქმედებების გარდა. მათ პოლიტიკური მომავალი, იმ ფორმით როგორც წარმოუდგენიათ, არ გააჩნიათ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. ოპოზიციური პარტიები დღეს „ლეიობორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბებიან. სხდომის შემდეგ თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ. შეხვედრის დროსა და მიზანზე ინფორმაციას არ ადასტურებს „ევროპული საქართველო“ და აცხადებს, რომ ის არა დღეს, არამედ უახლოეს დღეებში გაიმართება. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის შეხვედრას სწორედ დღეს აანონსებს. მმართველ გუნდში ოპონენტებს კონკურენტებად არ აღიქვამენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ისინი მარგინალური ჯგუფები არიან და პოლიტიკური მომავალი იმ ფორმით, როგორც წარმოუდგენიათ, არ გააჩნიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ თბილისის ორ ოლქში პარტია მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
0