რატომ წარმოიქმნება ჭორფლი და ააქტიურებს თუ არა მას მზის სხივები

0
მზის სხივების გააქტიურებასთან ერთად ჭორფლიც მკვეთრ შეფერილობას იღებს. ის ძირითადად გვხვდება სხეულის ისეთ ღია ნაწილებში, როგორიც არის სახე, მხრები, მკლავები, ბეჭები. როგორც წესი, ჭორფლი ადამიანს მცირე ასაკში უვითარდება. გარდატეხის პერიოდში მისი რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს, ასაკთან ერთად კი თანდათან მცირდება. თუმცა მზის სხივების გავლენით ჭორფლის რაოდენობაც მატულობს. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ქერა ან ჟღალი თმა აქვთ. რა არის ჭორფლი? რატომ წარმოიქმნება ის? არის თუ არა მზის სხივი ჭორფლის მაპროვოცირებელი? რატომ წარმოიქმნება ჭორფლი? ჭორფლის წარმოქმნისას გადამწყვეტ როლს გენეტიკური ფაქტორი ასრულებს. ის დაკავშირებულია იმ უჯრედების სტრუქტურის ცვლილებათან, რომლებიც პიგმენტ მელანინის სინთეზირებას ახორციელებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქერა ან ჟღალი თმის მქონე ადამიანების კანი ამ კომპონენტის საკმარის რაოდენობას არ შეიცავს. ამიტომაც, მზეზე ხანგრლივად ყოფნის შემდეგ, ისინი იღებენ არა თანაბარ რუჯს, არამედ - დიდი რაოდენობით ჭორფლს. ჭორფლი ულტრაიისფერი სხივებისგან ორგანიზმის ერთგვარი დამცავი რეაქციაა. ის საკუთარ თავზე „მზის დარტყმას“ სრულად იღებს, ამავდროულად დამწვრობისა და კანის კიბოს განვითარებას აფერხებს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მზის სხივები ნაკლებად საშიშია, ვიდრე - გაზაფხულზე და ზაფხულში. შესაბამისად, კანი ინტენსიურ დაცვას არ საჭიროებს და ჭორფლი ფერმკრთალდება. გენეტიკური ფაქტორის გარდა, ჭორფლის წარმოქმნაზე გავლენის მოხდენა ბევრ სხვა ფაქტორსაც შეუძლია. მათ შორის არის ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი, ღვიძლის დაავადებები, ჰიპოვიტამინოზი და სხვ. ჭორფლის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება ზოგიერთი კოსმეტიკური პროცედურაც იყოს. მაგალითად, ხშირი პილინგი ან სხვა აგრესიული პროცედურა. ამიტომაც თუ დარწმუნებული ხართ, რომ სხეულზე ჭორფლი თქვენი გენეტიკის „დამსახურება“ არ არის, დროა, თავის მოვლის რუტინას გადახედოთ და პიგმენტაციის გამომწვევი რეალური მიზეზი დაადგინოთ. როგორ ააქტიურებს მზის სხივი ჭორფლს? პირველ რიგში, უნდა დავაზუსტოთ, რომ ჭორფლი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით არ წარმოიქმნება. კანი გენეტიკურად უკვე ჩამოყალიბებულია ისეთი უჯრედებით, როგორიცაა მელანოციტები. სხვებთან შედარებით მეტ პიგმენტს სწორედ ისინი წარმოქმნიან. ასეთ სიტუაციაში მზე პროვოკატორის როლში გამოდის. ის კანს აიძულებს, თავი დაიცვას და მეტი მელანინი აწარმოოს. ამიტომაც პიგმენტის წარმოქმნა შეიძლება პირველ ეტაპად ჩაითვალოს. რით განსხვავდება ჭორფლი პიგმენტური ლაქისგან? ჭორფლს ბევრად გამოხატული პიგმენტი აქვს. ის ყოველთვის ბრტყელია და კანის ზედაპირშია ჩამჯდარი. პიგმენტური ლაქა კი შეძენილი ფენომენია, რაც ყველაზე ხშირად მზის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება. თუმცა პიგმენტური ლაქა ხშირია ფეხმძიმობის ფონზე, ჰორმონალური პრეპარატების ან ფოტოსენსიბილიზებული თვისებების მქონე პროდუქტების მიღების შემდეგ. ეს უკანასკნელი მზის მიმართ კანის მგრძნობელობას ზრდის. ბოლოს და ბოლოს, ჭორფლი ცუდია? არავითარ შემთხვევაში. ჭორფლი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი კანი მზისადმი მგრძნობიარეა, განსაკუთრებულ მოვლასა და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას საჭიროებს. ამისათვის კი მზეზე გასვლამდე თქვენ რეგულარულად უნდა იხმაროთ ანტიოქსიდანტური შრატი და მაღალი SPF-ის შემცველი კრემი. სპეციალისტების რეკომენდაციით, ჭორფლის წარმოქმნის თავიდან ასარიდებლად საჭიროა, კვების რაციონში D, C და PP ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების შეტანა. გახსოვდეთ, რომ საჭირო ელემენტებისა და მინერალების ნაკლებობა კანის პიგმენტაციას აძლიერებს. ასევე სასურველია, რომ თაკარა მზეზე ფართოფარფლიანი ქუდი დაიხუროთ. სპეციალისტების რეკომენდაციით, მზეზე ყოფნას კანი თანდათან უნდა შეაჩვიოთ. დერმატოლოგები მზეზე ყოფნას პიკის საათებში (12.00-დან 15.00-მდე) კატეგორიულად არ გვირჩევენ და მზისგან დამცავი კრემის აუცილებლობაზე საუბრობენ. მარტიდან შემოდგომამდე, სანამ სახლიდან გახვალთ, უნდა გამოიყენოთ კრემი, რომელიც 30-დან 50-მდე SPF-ს შეიცავს. ეს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან კანის დაცვაში დაგეხმარებათ.
0