როგორ უნდა გაირუჯოთ სოლარიუმში უსაფრთხოდ

0
საუკუნეების წინ არისტოკრატები მზეს მაქსიმალურად ერიდებოდნენ, რათა მათ კანს ღია ფერი წლის ნებიმიერ დროს შეენარჩუნებინა. გარუჯული კანის ტენდენცია მოდაში კოკო შანელმა დაამკვიდრა. მან თეთრი, გაურუჯავი სახე ასპირინის აბს შეადარა. თუ გასული საუკუნის პირველ ნახევარში რუჯი მაღალი სოციალური ფენის კუთვნილების მაჩვენებელი იყო, დღეს უკვე ის მასობრივი მანიაა. განსაკუთრებით პოპულარულია ხელოვნური რუჯი, რომელსაც სოლარიუმები მომხმარებლებს სთავაზობენ. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ სპეციალისტები ამ მიმართულებით ჩამოყალიბებულ ახალ დამოკიდებულებაზეც საუბრობენ. ეს არის ტანორექსია - ხელოვნური რუჯით ავადმყოფური გატაცება. რა არის რუჯი? არის თუ არა ის საჭირო ადამიანის ორგანიზმისთვის? კანის ზედა ფენა ეპიდერმისი სპეციალურ უჯრედებს - მელანოციტებს შეიცავს. მათში, ულტრაიისფერი სხივების გავლენით, ცილოვანი პიგმენტი - მელანინი წარმოიქმნება. კანის მუქი ფერის შეფერილობაზე იმავე რუჯზე სწორედ ეს უკანასკნელი არის პასუხისმგებელი და ამავდროულად, მას დამწვრობისაგან იცავს. მელანინის რაოდენობა დამოკიდებულია გენეტიკაზე, ამიტომაც ჩრდილოეთის ქვეყნის მკვიდრის კანი ვერასდროს გახდება ისეთი მუქი, როგორიც - სამხრეთელის. ულტრაიისფერი სხივები D ვიტამინის ერთადერთი წყაროა. D ვიტამინი კი კბილებისა და ძვლების სიმყარეზეა პასუხისმგებელი, ის ორგანიზმს კიბოსგანაც იცავს. D ვიტამინის ნაკლებობა რაქიტსა და ოსტეოპოროზს იწვევს. ულტრაიისფერი სხივები სასარგებლო გავლენას ახდენს კანის ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის ფსორიაზი, აკნე, ატოპიური დერმატიტი. ჰელიოთერაპია რეკომენდებულია მწვავე რესპირატორული დაავადებებისთვისაც, იქნება ეს ბრონქიტი თუ რინიტი. ულტრაიისფერ ზემოქმედებას დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს. მეცნიერების მტკიცებით, ეს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგია. ცუდ ამინდში ან ზამთარში ადამიანს ულტრაიისფერი შიმშილი ეწყება, ამის მიზეზი კი ენდორფინის ნაკლებობაა. ეს არის ნივთიერება, რომელიც სინათლის გავლენით წარმოიქმნება და თავის ტვინს აძლევს სიგნალს, რომ ორგანიზმში ყველაფერი წესრიგშია. გარუჯვა ხელს უწყობს ამ ჰორმონის წარმოებას, რაც განწყობას აუმჯობესებს, შრომისუნარიანობას ზრდის, დეპრესიას ხსნის. თუმცა, მეორე მხრივ, სოლარიუმს ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მიყენებაც შეუძლია. ბრიტანეთის მედიცინის აკადემიის მონაცემებით, ყოველ 10 წელიწადში სოლარიუმის აქტიური რუჯი კანის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით ზრდის. შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ იმ ქალების 55%-ს, რომლებიც სოლარიუმში სისტემატურად, თვეში ერთზე მეტჯერ იმყოფებოდნენ, კანის ავთვისებიანი სიმსივნე - მელანომა აღმოაჩნდა. ბრიტანეთის მედიცინის აკადემიამ და კიბოს კვლევის ინსტიტუტმა რამდენიმე წლის წინ მიაღწიეს ოფიციალურ აკრძალვას, რომლის მიხედვითაც 16-წლამდე მოზარდებს ხელოვნური რუჯის მიღება არ შეუძლიათ. ანალოგიურ კანონს განიხილავდა კალიფორნიის სენატი. აშშ-ის 27 შტატში კი მოზარდებს ხელოვნური რუჯის მიღებამდე მშობლების წერილობით თანხმობას სთხოვენ. რა არის სოლარიუმი? მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიჰ ვოლფმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის „გვერდითი პროდუქტი" სოლარიუმი აღმოჩნდა. ცდის არსი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ ზემოქმედებს ულტრაიისფერი გამოსხივება სპორტსმენებზე, მათ თვითშეგრძნებასა და ჯანმრთელობის პარამეტრებზე. ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით კანის ფერი იცვლება: ის იძენს ბრინჯაოსფერ შეფერილობას, ზუსტად ისე, როგორც ზაფხულის კაშკაშა მზის ქვეშ. ამ აღმოჩენის მასობრივი პოტენციური წარმატების გაანალიზების შემდეგ ფრიდრიჰმა და მისმა ძმა ჯორჯმა 1975 წელს დააფუძნეს მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელიც სოლარიუმების წარმოებით დაკავდა. თავდაპირველად სოლარიუმი ჰგავდა ჩვეულებრივ სკამს, რომლის ზემოთაც ულტრაიისფერი ნათურები ეკიდა. ადამიანები უბრალოდ სხდებოდნენ ამ სკამზე და მზის აბაზანებს იღებდნენ. ისინი იკეთებდნენ მზის მუქ სათვალეებს, რომლებიც ულტრაიისფერ სხივებს არ ატარებდა. მოგვიანებით სოლარიუმს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - თავსახური დაემატა. ამ უკანასკნელის წყალობით, ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დღეს უკვე სოლარიუმი გახდა ძალიან რთული მოწყობილობა, რომელიც უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებს. დიდი ყურადღება ეთმობა სალონის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინს. კაბინების ტიპების მიხედვით, არსებობს ჰორიზონტალური და ვერტიკალური სოლარიუმი. პირველის შემთხვევაში, ადამიანი დაწოლილ მდგომარეობაში ირუჯება. ამ დროს სხეულის ის ნაწილი, რომელიც კაბინას ეხება, არ ირუჯება და ღია ფერის ლაქად რჩება. ვერტიკალურ სოლარიუმს ეს ნაკლი არ აქვს. აქ არსებული ნათურები უფრო ძლიერია, რუჯი კი - უფრო თანაბარი. აქვე ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ სოლარიუმის ნათურები 12-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე - „ცოცხალი“ მზე. ამიტომაც ხელოვნური რუჯის მოყვარულები ულტრაიისფერ გამოსხივებას გაცილებით დიდი ოდენობით იღებენ. მაგალითად, სოლარიუმში გატარებული 20 წუთი სანაპიროზე ყოფნის ოთხი საათის ტოლფასია. არის თუ არა სოლარიუმის სეანსის შედეგი კანის ტიპზე დამოკიდებული? დიახ. კანის პირველ ტიპს მიეკუთვნებით, თუ თქვენ გაქვთ ცისფერი ან მწვანე თვალები, ღია ფერის თმა, ჭორფლი და სახის კანი, რომელიც მზეზე ადვილად გეწვებათ. ეს არის ეგრეთ წოდებული კელტური ტიპის კანი. ასეთ შემთხვევაში ხელოვნური რუჯი რეკომენდებული არ არის. პირველი ტიპის კანის მქონე ადამიანები ძალიან ცუდად ირუჯებიან. ისინი ხშირ შემთხვევაში მზისგან დამწვრობას იღებენ. კანის მეორე ტიპისთვის დამახასიათებელია მწვანე, ყავისფერი ან ცისფერი თვალები, ქერა თმა და მზის დამწვრობისკენ მიდრეკილი კანი. ეს არის ნორდული ტიპის კანი. ასეთ შემთხვევაში სოლარიუმში თქვენი ვიზიტი კვირაში სამჯერ 10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. პირველი სეანსის შემდეგ 2-3 დღე შეისვენეთ. პირველი სესია 3-5 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მესამე ტიპის კანისთვის დამახასიათებელია მუქი ფერის თვალები, ყავისფერი ან მუქი ყავისფერი თმა და საკმაოდ ღია ფერის კანი. ეს არის საშუალოევროპული კანის ტიპი. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ხელოვნური რუჯი მიიღოთ კვირაში 20 წუთის განმავლობაში, არა უმეტეს სამი ვიზიტისა. პირველი სესიის შემდეგ, სასურველია, ორი დღით შეისვენოთ. მეოთხე ტიპს მიეკუთვნება მუქი ფერის კანი, მუქი ან შავი ფერის თმით. ასეთ დროს თქვენ შეგიძლიათ 3-წუთიანი სეანსით დაიწყოთ და ხანგრძლივობა ეტაპობრივად გაზარდოთ. როგორ გავირუჯოთ სოლარიუმში სწორად? თუ ხელოვნური რუჯის უარყოფით მხარეებზე არსებული ყველა გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გადაწყვიტეთ, რომ თქვენი კანისთვის მუქი შეფერილობა აუცილებელია, შეეცადეთ შემდეგი წესები დაიცვათ: - სოლარიუმში წასვლამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ხელოვნური რუჯი კატეგორიულად აკრძალულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხეულზე ბევრი ხალი აქვთ. ამის მიზეზი არის ის, რომ სოლარიუმს ხალის ავთვისებიან მელანომად გადაქცევის პროვოცირება შეუძლია. გარდა ამისა, სოლარიუმის რუჯი რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტრანკვილიზატორებს, ანტიდეპრესანტებს, არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკებსა და რეტინოიდებს იღებენ. ეს წამლები კანის ფოტომგრძნობელობას ზრდის და ალერგიის გამოწვევა შეუძლია. - აუცილებელია რუჯის რეჟიმის სწორად შერჩევა. ის ოპერატორმა თქვენი კანის ტიპს უნდა მოარგოს. - იკითხეთ, სოლარიუმში ნათურები ბოლოს როდის შეცვალეს. მათი ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა 540 საათია. თუ ნათურა ახალი გამოცვლილია, სეანსის ხანგრძლივობა შეამცირეთ, რადგან ამ დროს დამწვრობის მიღების ალბათობა უფრო მაღალია. - სეანსის დაწყებამდე კანიდან ყველანაირი კოსმეტიკური საშუალება მოიშორეთ. მოიხსენით სამკაულები. ამ დღეს კოსმეტიკური პროცედურები (სახის გაწმენდა, პილინგი და სხვ.) არ დანიშნოთ, რადგან ეს კანისთვის ძალიან დიდი დატვირთვა იქნება. სეანსის შემდეგ დაშვებულია მხოლოდ დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბები. - სეანსის დროს თვალები სპეციალური სათვალით უნდა დაიცვათ. თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, გარუჯვის პროცესის დაწყებამდე ისინი აუცილებლად მოიხსენით. - სეანსის დროს თმა თავშლით ან ქუდით დაიფარეთ, ტუჩებზე კი დამატენიანებელი ბალზამი წაისვით. სასურველია, მკერდის არე მოშიშვლებული არ გქონდეთ ან უკიდურეს შემთხვევაში, ძუძუსთავებზე სპეციალური სტიკერი დაიკარით. მკერდზე რუჯი განსაკუთრებით სახიფათოა. - სოლარიუმი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ამიტომაც სეანსის შემდეგ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ. - ხელოვნური რუჯის სეანსის მაქსიმალური სიხშირე 2 დღეში ერთხელ უნდა იყოს. ერთი მთლიანი კურსი ზედიზედ ათ ვიზიტს არ უნდა აღემატებოდეს. სოლარიუმის რუჯის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის ყურადღებით გაანალიზების შემდეგ, შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ეს პირადად თქვენთვის, ისე რომ საკუთარი ჯანმრთელობა არ დააზიანოთ
0