გუბერნატორმა ქვემო ქართლში არსებული მდგომარეობა შეაჯამა
Marneuli Daily
ქართლში კოვიდინფიცირების ფაქტების მატების ერთეული შემთხვევებია, უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს და დაავადების გამოვლენის ფაქტები შემცირებისკენ მიდის, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ბოლო 4 დღის განმავლობაში, ფართომასშტაბიანი კვლევები ჩატარდა მარნეულში და1680 საკვლევი მასალიდან დაავადების მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი, გუშინ ოთხი და დღეს, სამი დადასტურებული ფაქტია.
,,მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი კვლევები, ჯამურად 1680 ადამიანისგან იქნა მიღებული საკვლევი მასალა და შემოწმდა კოვიდინფექციაზე. კვლევების შედეგად დადასტურებული არის მხოლოდ 1 ფაქტი და ისიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის, რომელიც მკაცრ იზოლაციაში იყო. ამ დღეების მანძილზე, ქვემო ქართლში დაავადების გავრცელების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო. გუშინ დადასტურდა 4 ფაქტი თეთრიწყაროში და იქაც საკარანტინე სივრცეში და მკაცრ თვითიზოლაციაში იყვნენ ეს პირები. ერთი დადასტურებული შემთხვევა იყო ბოლნისიდან, რომელიც იყო „ცხელების ცენტრში“ გადაყვანილი და შემდეგ, მკურნალობისას, აღმოჩნდა დაავადების ფაქტი დადასტურებული. დღესაც, თეთრიწყაროში არის დაავადების სამი ფაქტი და ესეც არიან საკარანტინე სივრცეებში მყოფ ადამიანებში. შეიძლება ითქვას, რომ დროული რეაგირების გამო, როდესაც თეთრიწყაროში დავინახეთ, რომ გავრცელება იყო ფართომასშტაბიანი, 73 მჭიდრო კონტაქტი და მომეტებული რისკის მქონე ადამიანები ჩვენ ორგანიზებულად გადავიყვანეთ საკარანტინე სივრცეებში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებთან გავრცელება პრაქტიკულად არ არის და ეს ერთეული შემთხვევები არის იქ, სადაც, ეს რისკი იყო უფრო მაღალი“ , - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მარნეულის მსგავსად, გაკეთდება რამდენიმე მიმღები ცენტრი, სადაც მოსახლეობა კოვიდინფექციაზე მასიურად შემოწმდება - ძირითადად, კვლევები სოფელ მუშევანში და გეტაში ჩატარდება. ქვემო ქართლის რეგიონში დღეისათვის კოვიდინფიცირების 207 დადასტურებული შემთხვევა და 57 გამოჯანმრთელების ფაქტია.
#ქვემოქართლი
#შემცირება
#კორონოვირუსი
#MarneuliDaily