ფრიდა კალო და ლევ ტროცკი

0
ლევ ტროცკი მთელი მსოფლიოსათვის უღირს და საძრახის პიროვნებადაა მოხსენიებული თუნდაც იმ მტრული ფაქტების გამო, რაც არასდროს ჩაუდენია, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკურ სამყაროში ვლადიმერ ლენინის გარდაცვალების შემდგომ უდაოდ ის ყველაზე გამორჩეული და ბრწყინვალე ფიგურაა. ტროცკის გონიერება თავის დროზე მარქსიზმის, პროლეტარიატის, რევოლუციისა და თავად სოციალიზმის საზღვრებსაც სცდებოდა. ფაქტია და საკამათოც არაფერია, რომ ტროცკის ყველაზე დაუნდობელ მოწინააღმდეგეთა წყალობით კონტრრევოლუციონერობა და იმპერიალიზმის აგენტობა დასწამეს. რა სისასტიკეა! ფაშიზმის დაუნდობელი ურჩხული _ ჰიტლერიც კი ტროცკის ისე უფრთხოდა, როგორც მელა მასზე გაცილებით დიდი ზომის ცხოველს. ტროცკიმ და მისმა განუყრელმა მეუღლემ, ნატალია სედოვამ მექსიკაში გენერალ ლასარო კარდენასის მმართველობის ხანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. საბჭოთა კავშირიდან განდევნილმა, პატიმრობისა და იზოლაციის, საშინელებათა სერიის მომსწრე ტროცკიმ სახელოვანი მხატვრის, ფერმწერის - დიეგო რივერასა და მისი მარად მოტრფიალე ფრიდა კალოს სახლში დაიდო ბინა. დიეგო რივერას მეუღლე და იმავდროულად ხელოვანი, ფიზიკური ტრამვის შედეგად მარადიული ტკივილისათვის განწირული, გულწრფელობითა და მედგარი ხასიათით გამოირჩეოდა. დრომოჭმული ტრადიციების მოწინააღმდეგე, ზოგჯერ სატირული განწყობით და ხანდახან მოჩხუბარიც, ბრწყინვალე ნიჭის მატარებელი გახლდათ. ფრიდა ქვეყანას ძალადობის ხანაში მოევლინა, გენერლების ემილიანო საპატასა და პანჩო ვილიას რევოლუციური მოძრაობის ეპოქაში. ალბათ ამიტომაც იფეთქა მის ძარღვებში რევოლუციურმა სისხლმა. ნატალია სედოვას კი პირიქით, მექსიკაში ჩასვლისას უკვე რევოლუციის გრძელი გზა ჰქონდა განვლილი პეტროგრადის საბჭოს მომავალ პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა სახალხო კომისართან, წითელი არმიის დამფუძნებელთან და გამოჩენილ მარქსისტ-თეორეტიკოსთან _ ლევ ტროცკისთან ერთად. ნატალიამ ოქტომბრის რევოლუცია გამოიარა, ტრიუმფითაც დატკბა, იმპერიალისტური გარემოცვის და კონტრრევოლუციონერთა სამოქალაქო ომის წინააღმდეგ ბრძოლებში სუსტი და ძლიერი მხარეებიც დაინახა. გამოსცადა გადასახლების უზომო სიმწარე, ყინვა, შიმშილი, საპატიმრო, შეურაცხყოფა, უმწეობა, სასტიკი მოპყრობა, ცილისწამება და უსამართლობა, გაუსაძლისი ტკივილი შვილების გამო, რომლებიც ტროცკის მტრებმა დახოცეს. მექსიკაში ჩასული ნატალია საკმაოდ ხანშისესული ქალბატონი გახლდათ განსხავებით სასწაულებრივი ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა ფრიდასაგან. მიუხედავად ამისა, ნატალია შესანიშნავი განათლებისა და ცოდნის პატრონი იყო, რასაც ერთად აღებული ფრიდა და დიეგო რივერა ვერასდროს შესწვდებოდნენ. უდიდესი სხვაობა იყო ამ ორ გამორჩეულ ქალბატონს _ რევოლუციონერსა და ხელოვანს შორის. ნატალია საკმაო უნდობლობით იყო განწყობილი ტროცკის მიმართ, მაშინ როცა ფრიდა სულაც არ ეჭვიანობდა მაესტრო რივერაზე, რაც შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლეოდა: შეუძლებელი იყო ნატალიას დიეგო რივერა შეჰყვარებოდა, ფრიდასგან კი ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ფრიდა კალოს ბიოგრაფები აშკარად მიანიშნებდნენ ტროცკისთან სასიყვარულო ურთიერთობაზე და იმავდროულად მოგვითხრობენ ნატალიას ეჭვიანობის სცენებს უდიდესი პოლიტიკოსის მიმართ. შესაძლოა უარვყოთ კიდეც ეს რომანი და დავასაბუთოთ, რომ ტროცკისთანა შეუვალი და მარჯვე რევოლუციონერი, ფრიად განათლებული პიროვნება სულელურ ბურჟუაზიულ მორალს არ ჩაეჭიდებოდა, მაგრამ არც სამღვდელო პირის მსგავსად დაეყრდნობოდა იმ შეგონებას, რომელიც სიკვდილამდე ურყევ რწმენასა და ცელიბატს ქადაგებს. მარქსის ზოგიერთი ბიოგრაფი აღნიშნავდა, რომ ეს უკანასკნელი მოსამსახურე ქალს ეარშიყებოდა. თუ ეს მართლაც ასე იყო, ვერავინ იფიქრებს, რომ მოსამსახურე ქალი ამ ურთიერთობიდან ხელფასის გაზრდას მოელოდა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მარქსს არაფრის გადახდა არ შეეძლო, მეტიც, ოჯახის რჩენას ის განუყრელ მეგობარს, ფრიდრიხ ენგელსს უნდა უმადლოდეს. ეს უკანასკნელი გარეგნულად მიმზიდველი, შეძლებული ბრძენკაცი, მეუღლის გარდაცვალებისთანავე საცხოვრებლად რძალთან გადავიდა. ქალბატონი, რომელიც ანალოგიურად შეყვარებული გახლდათ ცნობილ მეცნიერზე, პოლიტიკოსსა და მარქსისტზე. ტროცკის შემთხვევაში საინტერესო პრეცედენტი მოხდა, რაც ფრიდასთან დაკავშირებით სასიყვარულო ურთიერთობის გასაქარწყლებლად შეიძლება იქცეს. კლარისა რაინერი ბოლშევიკური რევოლუციის, წითელი არმიის მებრძოლი, ფრიად განსწავლული და არაჩვეულებრივი მწერალი, გარდა ამისა, რუსეთის რევოლუციონერთა და ბოლშევიკთა რიგებში ულამაზეს ქალბატონად იყო მიჩნეული. ის კარლ რადექსის, რევოლუციის ეპოქის შესანიშნავი ჟურნალისტის საყვარელი გახლდათ. ფაქტია, რომ კლარისამ საყვარელს პირობა წაუყენა: ტროცკისაგან გენიოსი შვილი გაეჩინა. რა დამაჯერებლობაა! ასეთი სილამაზისა და ტალანტის მატარებელი ქალის დაკარგვით დაბნეული და აფორიაქებული რადექსი საყვარელი ქალის წადილს გაუმხელს ტროცკის იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი ამ წინადადებას უარყოფდა. ტროცკიმ უარი განაცხადა, რამაც სრულიად დაამშვიდა რევოლუციონერი ჟურნალისტი. თუმცა კლარისას დაჟინებული სურვილის შესახებ რადექსი უკვე ვეღარაფერს შეიტყობს, ის ომში იღუპება. არ ვიცი და არც მაინტერესებს, თუ რამდენად ემოციური იყო ფრიდას განვლილი წლები, ან რამდენ სასიყვარულო ისტორიას ითვლის. არც იმ წვრილმანების დაზუსტებას შევეცდები, თუ რამ გადააწყვეტინა ფრიდას დიეგო რივერაზე დაქორწინებულიყო. ვბედავ განვაცხადო, რომ ტროცკისა და ფრიდა კალოს ნამდვილად ჰქონდათ რომანი. თუკი ფრიდას პირველს შეუყვარდა ტროცკი, აქ ფიზიკური სიახლოვე უნდა გამოვრიცხოთ, რამეთუ 27 წლის წარმოსადეგი, ხეიბარი ქალბატონისათვის ტროცკი საკმაოდ ხანშიშესული გახლდათ. თუკი ფრიდას ტროცკი შეუყვარდა, ეს შესაძლოა მხოლოდ რევოლუციონერის გენიალურობის, ტალანტისა და სიბრძნის წყალობით. და ბოლოს, ტროცკი გამორჩეული ფიგურა იყო მთელი თავისი ისტორიული მიღწევებით, სამწერლო და მეცნიერული მოღვაწეობით, სამხედრო სამსახურითაც კი, თუმცა მისმა მტრებმა სრულიად საწინააღმდეგო დაადასტურეს. გარდა ამისა, დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ფრიდასა და ტროცკის ერთმანეთის გვერდით არ უცხოვრიათ და ეს ურთიერთობა ვნებიან კოცნას არ გასცდებოდა. როგორ მოახერხებდა ტროცკი ნატალიასგან თავის დაღწევას, თავისუფალი დროით ტკბობას და ფრიდასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას? არ ვიცი, რას იტყვიან ერთგზის დაქორწინებულნი, თუმცა ვეერაფერი დააკნინებს, ერთის მხრივ, ტროცკის სიდიადეს, მეორეს მხრივ კი ფრიდას ხანმოკლე და წარმავალ, უფრო უტოპიურ, ვიდრე რეალურ რომანს. შესაძლოა, ფრიდას სიყვარული ტროცკისადმი გაცილებით სიურრეალისტური იყო, ვიდრე თავად მისი შემოქმედება. ტროცკის ლტოლვა ფრიდასადმი კი სიბერის ჟამს ყმაწვილობის დროინდელ ანცობას უფრო ჰგავდა. თარგმნა : ნინო მესტვრიშვილმა
0