ანა დოლიძე- სიტყვა პოლიტიკა ვიღაცეებს გარმონი ჰგონიათ

0
„სიტყვა პოლიტიკა ვიღაცებს გარმონი ჰგონიათ, ცოტა რომ ანერვიულდებიან, გაწელავენ, გამოწელავენ, მოგაკერებენ და მაგით გაგაჩუმებენ. ასე აჩუმებენ საჯარო მოხელეებს, ბაღის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სტუდენტებს: პოლიტიკაზე ხმა არ ამოიღო, თორემ პრობლემები შეგექმნებაო, ” - ასე აფასებს „მოძრაობა ხალხისთვის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ აზროვნებას, რომელიც, მისი შეფასებით, „საბჭოთა ოთხკუთხედი აზროვნების დანატოვარია“. ეს ფილმი ნანახი მაქვს. 2017 წლის ივლისში პრეზიდენტის სახელით ვეტო გამქონდა საქართველოს პარლამენტში. ირაკლი კობახიძემ ბევრჯერ შემაწყვეტინა სიტყვა და არ მომცა გამოსვლის საშუალება: თქვენ საჯარო მოხელე ხართ და არ გაქვთ პოლიტიკური გამოსვლის უფლებაო. პირველმა დავუძახე თავისი სახელი კობახიძის მართვის სტილს შარიკოვი. მერე მთელმა ოცნების უმრავლესობამ დაწერა განცხადება და ჩემი გადაყენება მოსთხოვა პრეზიდენტ მარგველაშვილს.თავისს მანდატს გასცდაო. მაშინაც, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებდი ბევრს ჩემი სიმართლით და აქტიურობით. რაც უფრო დიდი ინტერესების წინააღმდეგ ამოვიღებ ხმას, გასაგებია რომ ეს ნერვიულობა კიდევ უფრო მწვავე იქნება. კითხვები, ბრძოლა, სახელის დარქმევა, სიახლის შემოტანა, ორი დიდი პოლიტიკური მონსტრის ნიღბის ჩამოხსნა, სასამართლოს კლანის გამოაშკარავება ბევრ ინტერესს აყენებს ზიანს და ბადებს შიშს. ამ პირობებში: სიტყვა პოლიტიკა ვიღაცებს გარმონი ჰგონიათ, ცოტა რომ ანერვიულდებიან, გაწელავენ, გამოწელავენ, მოგაკერებენ და მაგით გაგაჩუმებენ. ასე აჩუმებენ საჯარო მოხელეებს, ბაღის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სტუდენტებს: პოლიტიკაზე ხმა არ ამოიღო, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. მთელ ევროპაში და ამერიკაში უმწვავესი პოლიტიკური დებატები იმართება უნივერსიტეტებში, პარტიებს თავისი დებატები აქვთ უნივერსიტეტებში, თავისი განყოფილებები და ასე ზრდიან მომავალ სახელმწიფო მოაზროვნეებს და ჩვენთან? ეს კანონით აკრძალულია. და იმის შიშით რომ პოლიტიკა ხიხიაა და ვიღაცა პოლიტიკას ტერმინს სათავისოდ გაწელავს გაფუჭებული გარმონივით, მწვავე თემების წამოჭრის უნდა გვეშინოდეს? კამათის? ხმის ამოღების? ქვეყნის გადარჩენაზე წუხილის? კლანი უნდა წავიდეს ძახილის? მიტინგებზე სიარულის? გაბრაზების? უფლებების დაცვის? პროტესტის? პოლიტიკა ხიხია და უთავბოლო გარმონია ხომ საბჭოთა გადმონაშთია, საბჭოთა ოთხკუთხედი აზროვნების დანატოვარია, სადაც ყველაფერი პოლიტიკური არასასურველი და პრობლემური იყო, პოლიტიკა იწვევდა იმპერიალიზმის, კორუფციის, ჭაობის, დამყაყებული მმართველობის სტილის და სტაგნაციისათვის ნიღბის ჩამოხსნას. პოლიტიკოსები მიყავდათ ციმბირში და ერთადერთი ფორმა გადარჩენის იყო საბჭოთა აპარატჩიკებთან თანაცხოვრება და მაგათი დღის წესრიგისათვის ფეხის აწყობა. ერთერთ ამერიკელ მოაზროვნეებს კარგად აქვთ ნათქვამი ყველაფერი პირადი პოლიტიკურია. - The personal is political. 60-70 იანი წლების ეს ლოზუნგი ნიშნავდა რომ ყველა, თუნდაც პირადი უფლებებისთვის ბრძოლა იმთავითვე პოლიტიკურია. პოლიტიკაა ბრძოლა ღირსეული შრომისთვის, შრომის გადანაწილებისთვის, პირადი ცხოვრების უფლებებისათვის და აშ. ამიტომ სასაცილოა ითხოვდე დიდ, სისტემურ ცვლილებებს, რეფორმებს, კლანის წასვლას, ითხოვდე გენდერულ თანასწორობას, ღირსეულ სამუშაო საათებს, კარგ მმართველობას, ეხებოდე ძალაუფლების საკითხებს და ამბობდე რომ ეს არ არის პოლიტიკა. ეს ისეთი მსჯელობაა რომელიც პირველკურსელ პოლიტ მეცნიერების სტუდენტსაც კი გააღიმებს. პირიქით, თუ გვინდა გრომიკო-ხრუშჩოვის საბჭოთა მენტალობიდან გამოსვლა, ამ სიტყვის გამოყენებას უნდა შევეჩვიოთ და უნდა ჩავიცინოთ, როდესაც ვიღაცა, მაგალითად ირაკლი კობახიძის ნაირი საბჭოთა პარტმუშაკი ეცდება პოლიტიკის გაწელვ-გამოწელვით დაგაშანტაჟოთ და უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლაზე ხელი აგაღებინოთ. უკეთეს შემთხვევაში, თუ ამ პირს აზროვნების ნატამალი მოეთხოვება, ჰკითხეთ: ზუსტად რას ნიშნავს მისთვის სიტყვა პოლიტიკა? ქუჩაში ასფალტის დაგების მოთხოვნაც პოლიტიკაა, ვინაიდან ინფრასტრუქტურული საქმიანობის პოლიტიკის შეცვლას ითხოვს და სკოლაში შვილის ჩაწერის მოთხოვნაც, ვინაიდან საშუალო განათლების პოლიტიკას ეხება. მაშინ, მეგობრებო, იმის შიშით რომ პოლიტიკის კეთება დაგვბრალდება საერთოდ არაფერი უნდა ვაკეთოთ, ვისხდეთ სახლში და გვეშინოდეს ვინმე აპარატჩიკმა არ გაგვკიცხოს და შევეგუოთ იმ ყოფას, რომელიც არ გვინდა. მეორე, პროფესიული გაგება, რომელსაც საკანონმდებლო მოწესრიგება ეხება ეს პოლიტიკის, როგორც პროფესიულ საქმიაობას ეხება. მას შესაბამისი კანონები აწესრიგებენ- განსაზღვრავენ როდის და როგორ შედიხარ პოლიტიკაში, როგორც პროფესიაში. სასაცილო და პრიმიტიულია მსჯელობა რომ პოლიტიკური განცხადებებით ან ვინმესთან ფოტოს გადაღებით იწყება ეს. ეს რომ მართალი იყოს Lady Gaga, პოლიტიკოსია და Madonnaც- განცხადებებსაც აკეთებენ საზოგადოებრივს და ბევრ პოლიტიკოსთანაც იღებენ სურათებს. პოლიტიკოსობა როგორც პროფესიული საქმიანობა იწყება არჩევნებში მონაწილეობით და შესაბამისი აქტებით იწყება. მხოლოდ ამ ვერსიას იცნობს საარჩევნო კოდექსი და პარტიების შესახებ კანონი. სხვა გაგება მხოლოდ აპარატჩიკების ფანტაზიის ნაყოფია. ეს უკვე პოლიტიკის კეთების პროფესიული არჩევანია და სწორედ ამიტომ ჰქვია ამას პოლიტიკური საქმიანობა. სწორედ ეს ჩანაწერია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებს ეხება და სხვა ყველა მცდელობა უკანონოა; სხვანაირი მცდელობა ირაკლი კობახიძის აქტს გავს- მცდელობას სიტყვა პოლიტიკა პაჭიკოს გარმონივით გაწელონ, მოგარგონ როგორმე იმისთვის რომ გაგაჩუმონ. ამის გამკეთებელი ხან ირაკლი კობახიძე იქნება (2017 წელი ივლისი) ხან მიქაუტაძე (2018 წელი 6 თებერვალი), ხან მეთოფიშვილი ან ვინმე სხვა ვისაც ეს სჭირდება. ამიტომ, როდესაც საბჭოურ- ამხანაგური სტილით შემდეგჯერ ბრალს დაგდებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევით, ვიკითხოთ: კონკრეტულად პოლიტიკის რა გაგებით? რა ცნებით? რა განმარტებით? ფართო გაგებით, რომელიც ყოველდღიურ- ფილოსოფიურია და რომლის საკანონმდებლო განმარტება არ არსებობს, ეს ყველას მოვალეობაცაა; თუ საკანონმდებლო გაგებით რომელიც პოლიტიკას როგორც პროფესიულ-პარტიულ საქმიანობას ეხება და ბევრად პატარა წრეს? ეს უკუკავშირი უბრალოდ რაიმე სავარჯიშო კი არაა. ესაა ყოველდღიური ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის, იმისთვის რომ ჩვენ თვითონ დავსვათ საჭირო კითხვები და მოვიპოვით პასუხები და ვინმე არქიფომ საბჭოური ცენზურით და დაკომპლექსებით კუთხეში არ დაგვსვას მისი სამყაროს წესების უაპელაციოდ მისაღებად.
0