"ოცდახუთსა დეკემბერსა,ქრისტე იშვა ბეთლემსაო"

0
მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს დღეს.ყველა ქართველი ქრისტიანი, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრანტებად გახიზნულნი და სხვის ჭერქვეშ ბინადადებულნი, როგორც ვახერხებთ, ისე ვუძღვნით სადიდებელს უფალს ჩვენსას. ეს დღე ყოველთვის ბავშვობის მოგონებებთან, მშობლიურ სახლ-კართან, ბებია-ბაბუებთან ასოცირდება, ჩემი საშობაო და საახალწლო მოგონებები კი ბაღდათს, ჩემს მშობლიურ სოფელ ფერსათს და დედაჩემს, რუსუდან გელხვიიძე-ფერაძეს უკავშირდება .იმ ლამაზი წარსულის სითბო და სურნელი, მუდმივად თან დამყვება და მილამაზებს მომაბეზრებელ, ერთფეროვან ემიგრანტულ დღეებს... საქართველოს ყველა კუთხეს, საშობაო რიტუალი და ტრადიცია განსხვავებული გვაქვს, იმერლებიც არავის ვრჩებით ამ საქმეში...😏😏 6 იანვრის დილა გათენდებოდა თუ არა, დედაჩემი იწყებდა მზადებას და მთელი დღე მისი ხელი არ ჩერდებოდა.მარნის უკან, სახელდახელოდ მოწყობილ ცეცხლის დასანთებზე რკინის სამფეხებს დადგამდნენ, გამომშრალ, ხმელ შეშას ბლომად შემოუწყობდნენ და ისეთ ცეცხლს ააგუზგუზებდნენ, შეშას ტკაცატკუცი გაჰქონდა, მერე უზარმაზარ ქვაბში, წინა დღეებში დაკლული და გასუფთავებული ღორის თავს , მეორე ქვაბში კი, ცეცხლის ალზე გატრუსულ, მჭადის ფქვილსა და მარილში გარეცხილ მამალ ინდაურსა და დედლებს ჩააბრძანებდნენ, იქვე, ჭიდან ამოღებული კამკამა წყლით გაავსებდნენ და სამფეხზე შემოდგამდნენ...ეს საქმე უკვე კაცებს ებარებოდათ, დროდადრო შეშა უნდა დაემატებინათ, ქაფი უნდა , , მოეხადათ, , რომ ხორცს ყავისფერ ლაქებად არ დადებოდა... სამწვადე, დაჭრილ-გამზადებული და , , ჩაბასტურმებული, , მაცივარში ინახებოდა, საშობაოდ გაზრდილი და დაკლული ღორის ხორცის დიდი რაოდენობა, კულინარიული ფანტაზიისა და ხელოვნების გამოვლინების საშუალებას იძლეოდა და დედაჩემსაც არ ეზარებოდა, აკეთებდა და აკეთებდა ათასნაირ გემრიელობებს.ჩვენი ეზოს ჭიშკარი და სახლის კარები არასოდეს იკეტებოდა, სტუმარი და მიმსვლელ-მომსვლელი არ გვაკლდა და დედაც ყველაფერს ბარაქიანად აკეთებდა, რომ მასპინძლობაში წუნი არ დაედოთ... სახლში, შეშის დიდი , , ფეჩი, , ღუღუნებდა და რომ იცოდეთ, რამდენ ტაფას, ქვაბს, ჩაიდანს იტევდა... მას შემდეგ, რაც გარეთა საქმეს კაცებს(მამაჩემს და ჩემს ძმას) გადააბარებდა, დედა ქათქათა წინსაფარს გაიკეთებდა, თავზე აუცილებლად წაიკრავდა თავსაფარს და იწყებდა... ტოლმას შეახვევდა... გულ-ღვიძლს ჩაადგამდა... დაკეპილ ხორცს ხახვში მოხრაკავდა, დაასხამდა თავისი ხელით მომზადებულ პამიდვრის საწებელს , სუნელებითა და ნივრით შეზავებულს... დიდ-პატარა ქვაბებში იხარშებოდა, იშუშებოდა, დუღდა და ქაფქაფებდა მადისაღმძვრელი სურნელება... მოხარშულ ინდაურს ღუმელში შეაწითლებდა, ლამაზად დაჭრიდა(ყველაფერს თავისი წესი ჰქონდა, სილამაზესაც) და ქათქათა საცივში ჩააწყობდა ... ღომიც , , ფშვინავდა, , , , ფეჩის, , ერთ კუთხეში... მამაჩემი ღვინის , , გამგებელი, , იყო.დაასველებდა წყალში ძერას(ხის თხელპირიანი ბარი) და ფეხის მსუბუქი დაწოლით შემოჭრიდა და ახდიდა ჭურს(ქვევრს) გადაზელილი აყალო მიწით გადატკეპნილ თავს, ფრთხილად გადახვეტავდა დარჩენილ მიწას ორგოებიდან (წიფელის ან თელას საკმაოდ სქელი ფიცრისგან, წრიულად გამოჭრილი , ქვევრის ყელზე მორგებული თავსახური), მერე მოაძრობდა მიწებებული მიწიდან, სუფთა ტილოთი ყელს შემოუწმინდავდა ქვევრს, ნელა და დინჯად შეახებდა ორშიმოს(ეზოში მოყვანილ-გაზრდილი გოგრისებრთა ოჯახის მცენარე, რომლის ნაყოფი , სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის იზრდება და დამწიფების შემდეგ მკვრივი და წყალგაუმტარი ხდება, მიამაგრებენ გრძელ, სარისებურად გამოთლილ, რომელიმე ხის ტოტს და ყველაზე პრაქტიკული ჭურჭელია მათთვის, ვინც ღვინოს ქვევრებში ამზადებს) ძირს ღვთაებრივ სითხეს, , სამჯერ დაატრიალებდა, მერე ჩააყვინინებდა, აავსებდა, ამოიღებდა ღვინოს, შეავსებდა ჭიქებს, გასძახებდა დედაჩემს, სტუმარს, უფლის და მშვიდობის სადიდებელს იტყოდნენ და იქვე დააჭაშნიკებდნენ, გაავსებდა ოცლიტრიან ბოცებს ცოლიკაურითა და ციცქათი და მარანში , თაროზე მიუჩენდა ადგილს... მე და ჩემი ძმა ჩამოვიტანდით სასიმინდედან გადარჩეულ სიმინდის ტაროებს, ტირიფის ტოტებზე ასხმულ ყურძნის აკიდოებს, თათრულა თუ ხოკორა კვახებს(გოგრას), (ჩემი უმცროსი და, ქეთი რომ წამოიზარდა, მერე მას გადავაბარეთ ეს საქმე )და ნელ-ნელა ვიწყებდით საშობაო ხონჩის, უფრო სწორად, გობის მოწყობას ... ჩურჩხელები და ტკბილიკვერები საპატიო ადგილს იკავებდა... გოზინაყი აუცილებლად კეთდებოდა წაბლის თაფლით და ბურბუშელად(ასე ეძახდა დედა)დაჭრილი თეთრი ნიგვზით... ქადების და ფხვიერი , , პეჩენიების , , კეთებას წინა დღით ილევდა... შობის ღამეს კი მისი უცვლელი ტრადიცია იყო ბიის(კომშის) მურაბის მოხარშვა და საშობაო კექსი, ნიგვზითა და ქიშმიშით, რომელსაც სპეციალურ ფორმაში , ძველებურ , , ბურჟუიკაში, , აცხობდა(ახლა ჩემს სამზარეულოში უკავია საპატიო ადგილი და რელიქვიასავით ვინახავ).ღმერთო, რა სურნელი ტრიალებდა, ვანილისა და ლიმონის არომატს ახლაც ცხადად ვგრძნობ თითქოს... ჩვენ, პატარები, მამაჩემის აზრით, ჩვენი ცნობისმოყვარეობით, ფეხებში ვედებოდით უფროსებს, თუმცა თუ რამე მისატან-მოსატანი, ჩამოსატან-ასატანი იყო, ყველაფერზე ჩვენ დაგვარბენინებდნენ და ჩვენც კარგა გვარიანი წვლილი შეგვქონდა ამ საყოველთაო სამზადისში... ყველაზე გვიან მჭადები და ხაჭაპურები ცხვებოდა.. ცომის მოზელვას რომ იწყებდა , მე და ჩემი და იქვე ვტრიალებდით, პატარა ჯამებში ორ მუჭა ფქვილს ჩაგვიყრიდა, თბილ წყალს დაასხამდა და გვაჩვენებდა, ხელის ნელი მოძრაობით მარჯვნიდან მარცხნივ, როგორ გვექცია ეს მასა ცომად...გვასწავლიდა და ჩვენც ვიმახსოვრებდით, რომ საუკეთესო ცომის მომზადებისთვის აუცილებელი იყო უმაღლესი ხარისხის ფქვილი, მისი გაცრა, მარილის და საფუარის რაოდენობის განსაზღვრა და ცომის მანამდე ზელვა, ვიდრე ხელს აღარ მიეწებებოდა, გემრიელი ხაჭაპურისთვის კი, მთავარი ყველის დამუშავება იყო, მართლაც ყველაფრის უგემრიელესი კეთება იცოდა ცხონებულმა, ამიტომაც იყო, რომ სანათესაოსა თუ სამეზობლოში , მის გარეშე ჭირი თუ ლხინი არ ჩაივლიდა... ამ ფუსფუსში დღეც მიიწურებოდა, ყველაფერი მომზადებული იყო... საღამოს საქმეებსაც მივაკეთებდით, ეზოს შემოვუვლიდით, დასაკეტს დავკეტავდით, ნათურებს ავანთებდით, სახლს გავაბრდღვიალებდით(ჩემს ბავშვობაში დენი უწყვეტად იყო, მერე კი ვიჯექით სიბნელეში კარგახანს)... დავიბან-დავწკრიალდებოდით, გამოვიპრანჭებოდით და ვუცდიდით , როდის მივიდოდა საათის ისარი თორმეტთან, თუმცა ხშირად უფროსები რჩებოდნენ, რადგან ძილი გვჯობნიდა და ვეღარ ვეურჩებოდით... მერე კი, როცა წამოვიზარდე, დედას გვერდიდან არ ვცილდებოდი და ჩემმა გონებამ შემოინახა ყველა წვრილმანი დეტალიც კი, რაც ამ სამზადისს ახლდა თან. შობის ღამეს, 10 საათზე, დედა გახამებულ , ქათქათა , თეთრ სუფრას გადააფარებდა მაგიდას, შუაგულში დადებდა ბაბუას(მამამისის, გრიგოლ გელხვიიძის )ხელით გაკეთებულ უზარმაზარ ხის გობს , გობის შუაში, უკვე მოხარშულ და შეგრილებულ ღორის თავს და დაუჭრელ დედალს მოათავსებდა, გარშემო კი შემოაწყობდა , რაც იმ დღეს ხაჭაპური, ტკბილეული, ნამცხვრები დამზადდა, იქვე მიუჩენდა ადგილს ლოყებდაბრაწულ ვაშლებს, ყვითელ მანდარინებს, საზამთრო მსხლებს, ხურმის ჩირს, ქიშმიშშეპარულ ყურძენს, ჩურჩხელებს, , თხილს და კაკალს, ატლასკანიან ბროწეულებს, კანფეტებს და აუცილებლად ფულს(რუსული მანეთიც მახსოვს)... ხაჭაპური ისე უნდა დაგვედო, რომ სანთელი კარგად დაემაგრებინა, ხანდახან ღორის თავზეც კარგად ვარჭობდით... ღვინოს, არაყს, ლიმონათებს, გოზინაყს, გოგრას, გობის გარე ტერიტორია ეკავა მაგიდაზე... და ყველაფერი ეს ჩვენთვის, პატარებისთვის იყო ჯადოსნური სამყარო და ვერაფრით ვიგებდი, როგორ ეტეოდა ამდენი სანოვაგე იმ გობზე... ალილოზე მომსვლელი მომლოცველებისთვის ცალკე გვქონდა ყველაფერი გადაწყობილი, რომ ხელცარიელი არავინ გაგვეშვა... საოცარი იყო, როცა შობას თოვდა ხოლმე და ამ ქათქათა სითეთრეში, ალილოზე მოსული ბავშვების წკრიალა ხმები აავსებდა არემარეს , ავმღერდებოდით მათთან ერთად, მამაჩემი ბანს გვაძლევდა და იმ წუთებზე უფრო ბედნიერი , არაფერი მეგონა დედამიწის ზურგზე... შესრულდებოდა 12 საათი და დედა რუსუდანი იწყებდა საშობაო რიტუალს, დადგებოდა მაგიდასთან, დაანთებდა თავისივე ხელით ჩამოქნილ სანთელს, იწყებდა ლოცვას და თან სამჯერ დაატრიალებდა გობს, ადიდებდა უფალს წყალობისათვის და შეთხოვდა შვილების, ოჯახის, ახლობლების ჯანმრთელობას, მშვიდობას შინ და გარეთ... გათენდებოდა დილა და იწყებოდა სტუმრების მიდი-მოდი, გვიხაროდა და გვიყვარდა ყველა, მუდამ ღია იყო სახლის და გულის კარები... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრჯერ იმღერეს ალილო, შეიცვალა თაობები, ტრადიციები, მიგრაციის დიდმა ტალღამ გადაუარა ქვეყანას და გადააფასა ღირებულებები , ქალებისა და დედების გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა და შვილებმა ბევრი რამ აღარც იციან ჩვენი ტრადიციების, ბევრს(ახალ თაობაში) სასაცილოდაც არ ყოფნის და ვერ იგებს, რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი... არადა, ეს იყო ( და უნდა იყოს)სიყვარული მოყვასის, მოძმის, მეგობრის, მეზობლის, ადამიანის და ზოგადად კაცობრიობის... ეს იყო ადამიანობა, ერთმანეთის ხელისშეშველება, ხელისგაწვდენა, ლუკმის გაყოფა, სიკეთით სიკეთის გადახდა... ეს იყო მშვიდობის, ურთიერთპატივისცემის, რწმენის ზეიმი... დაე, ყველაფერი სიკეთით მობრუნდეს... ადამიანებო, , , ოცდახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო..., , გილოცავთ ! დარეჯან ფერაძე 7 იანვარი, 2021 STAMFORD, CT, USA
0