ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა
Tbilisi Daily
ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება შეუძლებელია მისი სიცოცხლისთვის არსებული რისკის გამო.
მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯულიან ასანჟს აუტიზმი და კლინიკური დეპრესია აქვს, ასევე სუიციდისკენ მიდრეკილება.
მოსამართლის განცხადებით, აშშ-ში ცალკე საკანში მოთავსების შედეგად, ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სერიოზულად გაუარესდეს.
აშშ-ის პროკურატურის მიერ მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებამდე, ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დარჩება. ასანჟის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე მისი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. Wikileaks-ის დამფუძნებელს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.