რომის პაპის რეზიდენციაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა
Tbilisi Daily
რომის პაპის რეზიდენციაში კორონავირუსის ერთი ფაქტი დადასტურდა. Reuters-ი წერს, რომ კოვიდინფიცირებულის იდენტიფიცირება არ ხდება და ის ახლა იზოლაციაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულ კაცს სიმპტომები არ აქვს და სანტა მარტას რეზიდენცია უკვე დატოვა. ვატიკანი იტყობინება, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი იზოლაციაშია.
რეზიდენციაში ანალოგიური შემთხვევა მარტში დაფიქსირდა, როდესაც იტალიაში პანდემია მძვინვარებდა.
თავად რომის პაპს, ფრანცისკეს კორონავირუსზე ტესტირება სისტემატურად უტარდება. ვატიკანი კორონავირუსმა მცირედით დააზარალა. შაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვირუსით სამი მცხოვრები დაინფიცირდა და ისინი უკვე განიკურნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.