ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ლიბანში საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა
Interworld
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების შემდეგ, ამ ახლო აღმოსავლურ სახელმწიფოში ხუთშაბათს, 6 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდა.
განხორციელებული ვიზიტისას ფრანგმა ლიდერმა კატასტროფის ზონა მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარი გამართა.
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ლიბანს და ლიბანელ ხალხს არასდროს მიატოვებს. მისი თქმით, მომხდარი ტრაგედია უნდა გახდეს ახალი ეპოქის დასაწყისი, სადაც ძირითადი აქცენტი ამ სახელმწიფოში პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაზე გაკეთდება, რადგან თუ არ გატარდა სასიცოცხლო რეფორმები, ლიბანს სრული ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება. ამ კუთხით კი უპირველესად ქვეყნის ცენტრალური ბანკში აუდიტის ჩატარებაა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ საპირისპირო შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება იმპორტი და უახლოეს მომავალში საწვავისა და საკვების კრიტიკული ნაკლებობა წარმოიშობა.
ფრანგი ლიდერის განცხადებით, რეფორმების გატარებაში მნიშვნელოვან როლს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი შეასრულებენ.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან“ თანამშრომლობა. საპასუხოდ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, „სავალუტო ფონდი“ შეისწავლის ყველა იმ შესაძლო ვარიანტს, რომელიც ლიბანის დახმარების შესაძლებლობას იძლევა.
საფრანგეთის პრეზიდენტი შეკრებილ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ოფიციალური პარიზი ლიბანს სრულ სამედიცინო და პირველადი საჭიროების დახმარებას გაუწევს. საპასუხოდ, მის გარშემო მყოფმა მოსახლეობამ სკანდირება დაიწყო - „რევოლუცია!“, „გვსურს რეჟიმის დამხობა!“, „გაგვათავისუფლეთ ჰეზბოლასგან!“. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაკრონს მიმართა - „ბატონო პრეზიდენტო თქვენ გენერალ გუროს (Henri Gouraud) ქუჩაზე იმყოფებით, რომელმაც ჩვენ ოსმალთა ბატონობისგან გაგვათავისუფლა!, გაგვათავისუფლეთ ამჟამინდელი მთავრობისგან!“.
მაკრონის განცხადებით, ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ უპირველესი მოვალეობა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვაა და ამის ნაცვლად ისინი უცხო სახელმწიფოს (ირანი) ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდნენ.
ფრანგ ლიდერთან საუბარში ადგილობრივმა მოსახლეობამ იმედი გამოთქვა, რომ გამოყოფილი დახმარება ლიბანელ ხალხს გადაეცემა და არა კორუმპირებულ ხელისუფლებას, რომლის საპასუხოდ მაკრონმა აღნიშნა, რომ გარანტიას აძლევს მათ, რეკონსტრუქციისთვის საჭირო დახმარება „კორუმპირებულ ხელში“ არ მოხვდება.
ბოლო ინფორმაციით, ბეირუთის პორტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე 16 ადამიანია დაკავებული. შემთხვევას უკვე 157 ადამიანი ემსხვერპლა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Lebanon #France #Macron #port #blast #disaster #tragedy #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა