"მე მილიონი საქმე მაქვს აქ და ხალხის სამსახურში ვარ, ხალხს უნდა ვემსახურო" - ელისაშვილი

Tbilisi Daily

დღეს, 2 თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველმა გუნდმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო და შანტაჟის ენით საუბარი არ შეიძლება. ელისაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას შეუერთდეს მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის დადებულ მემორანდუმს. "ამომრჩეველს ის ადარდებს ვინ შევა და ვინ არ შემოვა? უმუშევრად არის მთელი საქართველო დარჩენილი. კარგი გადაწყვეტილებაა მანდატების არშეწყვეტა, არ შეიძლება შანტაჟით ლაპარაკი არც ერთი მხრიდან. კარი არ იხურება და მოლაპარაკება გაგრძელდება. მემორანდუმს შემოუერთდნენ, არ მოსწონთ რამე მუხლი და გააუმჯობესონ, მოსწონთ და შემოუერთდნენ. ძალიან კარგი მემორანდუმი დევს მაგიდაზე. ორმა კაცმა შევძელით ეს, 54 ხომ არიან და გააუმჯობესონ. მე მილიონი საქმე მაქვს აქ და ხალხის სამსახურში ვარ, ხალხს უნდა ვემსახურო", - აცხადებს ელისაშვილი. შეგახსენებთ, რომ მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ელისაშვილი და იოსელანი დღეს, 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები